ალი და ნინო
წინასიტყვაობა
ეს წიგნი თბილისში მცხოვრებმა ინგლისელმა მეგობრებმა გამაცნეს. მწერალი პიტერ ნეისმიტი, რომელსაც საქართველოს შესახებ ორი თუ სამი წიგნი აქვს გამოცემული, აღელვებული ტონით, თვალებგაბრწყინებული მეუბნებოდა – ასეთი წიგნი კავკასიის შესახებ არ დაწერილა და აუცილებლად უნდა წაიკითხოო. პიტერის გემოვნებაში ეჭვი არ შემიტანია, მაგრამ ვიცოდი, რომ მას გარკვეული ინტერესი ჰქონდა საქართველოში ინგლისურენოვანი ლიტერატურის გავრცელების მიმართ და ნათქვამი გადაჭარბებულ შეფასებად აღვიქვი. მაგრამ, როცა ჟურნალისტმა ვენდელ სტივენსონმა (წერს ჟურნალ თიმე-ისათვის) მითხრა, ეს ნაწარმოები ჩემს ხუთ უსაყვარლეს წიგნს შორის არისო, მივხვდი, რომ საქმე განსაკუთრებულ ლიტერატურულ მოვლენასთან მქონდა.
მოკლედ, ვენდელმავე მათხოვა ეს წიგნი და მითხრა – რამდენ ხანსაც გინდა იკითხე, სახლში კიდევ ორი ცალი მაქვსო. ამის მიუხედავად, ორ დღეში წავიკითხე. იმიტომ, რომ ვერ მოვწყდი; იმიტომ, რომ ეს რომანი დაწერილია მათთვის, ვისაც უყვარს მხატვრული ლიტერატურა; იმიტომ, რომ ეს არის რომანტიკული ისტორია, სიყვარულით, თავგადასავლებით, პოლიტიკით, იუმორით, სახალხო ფილოსოფიით. მისი წაკითხვის შემდეგ მივხვდი, როგორ შეიძლება წიგნი საერთაშორისო ბესტსელერი გახდეს ისე, რომ თრილერი ან სკანდალური ავტორის ნაწარმოები არ იყოს.
რომანის პირველ გვერდზე აღწერილი ბაქოს სკოლაში ჩატარებული გეოგრაფიის გაკვეთილიდან დაწყებული და წითელი არმიის მიერ აზერბაიჯანის დაპყრობით დამთავრებული, ნაწარმოების ყოველ წინადადებაში დასმულია კითხვა – პროგრესული ევროპა თუ ჩამორჩენილი აზია?