მდუმარედ ვიჯექი ბანზე. რაში მჭირდებოდა სხვისი ქალაქები, სხვა სახურავები და სხვა ბუნება. ჩემი ზღვა, ჩემი ქვიშიანი სანაპირო, ეს უძველესი ქალაქი, ხმაურიანი ხალხი მიყვარდა. აქ აუარება ხალხი ჩამოდიოდა. ისინი ნავთობს ეძებდნენ, მდიდრდებოდნენ და ისევ უკან ბრუნდებოდნენ, რადგან მათ უდაბნო არ უყვარდათ.
მოსამსახურემ ჩაი შემოიტანა. შევექცეოდი და თან გამოსაშვებ გამოცდაზე ვფიქრობდი. გულსატკენი იყო სკოლასთან განშორება. იმედი მქონდა, ჩავაბარებდი. თუ ჩავრჩებოდი, დიდი უბედურება არც ეს იქნებოდა. ამაზე ჩვენი კუთხის გლეხები იტყოდნენ, ცოდნის კერასთან განშორება უმძიმსო. ისე მართლაც მიმძიმდა სკოლასთან, ვერცხლისფერღილებიან, სამხრეებითა და კოკარდით დამშვენებულ, მართლაც საოცრად ელეგანტურ ფორმასთან განშორება. სამოქალაქო ტანსაცმელი თითქმის არც მცმია. ერთი ზაფხულიც, და მერე, დიახ, მერე მოსკოვში გავემგზავრები, ლაზარევის ინსტიტუტში აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე. მე თვითონ გადავწყვიტე ასე. რუსებთან მართლაც მექნებოდა უპირატესობა, რადგან ის, რაც მათ ეძნელებათ, ჩემთვის უადვილესია. ამას გარდა, ლაზარევის ინსტიტუტს ძალიან ლამაზი ფორმა აქვს: წითელი პიჯაკი ოქროსფერი საყელოთი, ვიწრო მოოქროვილი ხმალი და ტყავის ხელთათმანები. თუ გინდა, რუსები პატივისცემით მოგეპყრან, ფორმა აუცილებლად უნდა ატარო. მეც მეტი რაღა დამრჩენია, უნდა მეცვას, რადგან თუ რუსები პატივს არ მომაგებენ, არც ნინო ჩამთვლის კაცად. ეს კი რას მარგებს? მე ხომ ნინოს ცოლად შერთვა მინდა, მერე რა, რომ ქრისტიანია! ქართველ ქალზე მშვენიერი დედამიწის ზურგზე არავინ მეგულება. თუ უარს მეტყვის, შევარჩევ რამდენიმე კუნთმაგარ ბიჭს და სპარსეთით თეირანისკენ გავიტაცებ. მერე რაღას იზამს, გამოსავალი რომ აღარ ექნება?