ცხოვრება ჩვენი სახლის ბანიდან ლამაზი და იოლი ჩანდა.
„დროა“ – მხარზე მოსამსახურის ხელის შეხებამ ოცნებებისაგან გამომაფხიზლა. მართლაც დრო იყო. ჰორიზონტზე, კუნძულ ნარგინის უკან, გემი მოჩანდა. და თუ კაცი ქაღალდის ფურცელს დაუჯერებდა, სახელმწიფო ფოსტის მოხელემ შინ რომ მოგვიტანა, ამ გემზე ბიძაჩემი უნდა ყოფილიყო, თავისი სამი ცოლითა და ორი საჭურისით. ბიძაჩემს უნდა დავხვედროდი. კიბე ნაჩქარევად ჩავირბინე. ხმაურიან ნავსადგურთან მანქანით მივედი. ბიძაჩემი სპარსეთში დიდად დაფასებული პიროვნება იყო. შაჰმა ნასრ ედ-დინმა მას „ასად ოდ-დავლეს“ – „იმპერიის ლომის“ ტიტული მიანიჭა და არავის ჰქონდა მისი სხვაგვარად მოხსენიების უფლება. ჰყავდა სამი ცოლი, უამრავი მსახური, თეირანში სასახლე ჰქონდა და დიდი მამულები – მაზანდარანში. ბაქოში ერთ-ერთი ცოლის, თვრამეტი წლის ზეინაბის გამო ჩამოდიოდა.