პატარა გემი ნავმისადგომს მოუახლოვდა. მხარბეჭიანმა, თმაგაბურძგნულმა მეზღვაურებმა კიბე მიადგეს. უამრავი მგზავრი ჩამოვიდა: რუსი, სომეხი, ებრაელი. ისე ჩქარობდნენ, თითქოს ყოველ წამს ითვლიდნენ, ვინ უფრო ადრე დაადგამდა დედამიწაზე ფეხს. ბიძაჩემი ჯერ არსად ჩანდა. „სიჩქარე ეშმაკისააო“ – იტყოდა ხოლმე. მხოლოდ მაშინ, როცა ყველა მგზავრმა დატოვა გემი, „იმპერიის ლომიც“ გამოჩნდა, მთელი თავისი ბრწყინვალებით: აბრეშუმის ლაცკანებიანი სერთუკი ეცვა, თავზე პატარა შავი ბოხოხი ეხურა, ფეხთ ქოშები ემოსა, ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის წამებული ჰუსაინის პატივსაცემად წვერიც და ფრჩხილებიც ინით შეეღება. პატარა, დაღლილი თვალები ჰქონდა. დინჯი ნაბიჯებით მოდიოდა. უკან აშკარად აღელვებული, თავით ფეხამდე შავებით მოსილი ცოლები მოჰყვებოდნენ. სულ ბოლოს კი ორი საჭურისი მოსდევდა. ერთ მათგანს განსწავლული, გამოფიტული ხვლიკის სახე ჰქონდა, მეორეს კი – ამაყი და გასიებული. ეს უკანასკნელნი მისი აღმატებულების მცველები იყვნენ.
ბიძაჩემი კიბეზე ნელ-ნელა დაეშვა. გადავეხვიე და პატივისცემით მარცხენა მხარზე ვეამბორე, თუმცა ქუჩაში ეს აუცილებელი არც იყო. ცოლებისათვის თვალიც არ შემივლია. მანქანაში ჩავსხედით. ჰარამხანა და მსახურები დახურული ეტლით უკან მოგვყვებოდნენ. ბიძაჩემის პატივსაცემად პრომენადას გარს შემოვუარეთ. იქ ნინო იდგა და მომღიმარი თვალებით შემოგვცქეროდა.