ბიძაჩემმა წვერზე ხელი ჩამოისვა და მკითხა:
– ახალი რა არის ქალაქში?
– განსაკუთრებული არაფერი. – მოვალეობა მკარნახობდა, ჯერ უმნიშვნელოთი დამეწყო და მერე გადავსულიყავი მნიშვნელოვანზე.
– გასულ კვირას დადაშ ბეგმა ახუნდ ზადე ქალაქში დაბრუნებისთანავე მოკლა. არადა, უკვე რვა წელი იყო გასული, რაც ახუნდ ზადემ დადაშ ბეგს ცოლი წაართვა. ახლა დადაშ ბეგს პოლიცია ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს. თუმცა ყველამ იცის, რომ სოფელ მარდაკიანშია. ჭკვიანი ადამიანები ამბობენ, დადაშ ბეგმა სამართალი აღასრულაო.
ბიძაჩემმა თავი დამიკრა თანხმობის ნიშნად.
– კიდევ რა იცი ახალი?
– ბიბი-აიბატში რუსებმა აუარებელი ნავთობი აღმოაჩინეს. ნობელმა უზარმაზარი გერმანული მანქანა შემოიტანა, რომ ზღვის პატარა ნაწილი მიწით ამოავსოს და ნავთობი ამოტუმბოს.
გაოგნებულმა ბიძაჩემმა თავი გადააქნია და ჩაიბუტბუტა: “ალაჰ, ალაჰ!“
– ჩვენთან, შინ, ღვთის წყალობით, ყველაფერი წესრიგშია, – განვაგრძობდი მე. – მომავალ კვირას ცოდნის სახლს ვამთავრებ.
განუწყვეტლივ ვლაპარაკობდი და მოხუციც დაფიქრებული მისმენდა. სახლს რომ ვუახლოვდებოდით, მაშინღა ვუთხარი სასხვათაშორისოდ, თან გვერდზე გავიხედე:
– რუსეთიდან ქალაქში ცნობილი ექიმია ჩამოსული. როგორც ხალხი ამბობს, ძალიან გამოცდილი უნდა იყოს. ადამიანს სახეზე ატყობს წარსულს, აწმყოს და მომავალს.
ბიძაჩემი ნახევრად მოჭუტული თვალებით მისმენდა, მერე კი ყასიდი გულგრილობით იმ ბრძენი ექიმის სახელი მკითხა. მივხვდი, ჩემი ქცევით კმაყოფილი დარჩა, რადგან ჩვენში ეს კარგ ჩვევად და წესიერ აღზრდად ითვლებოდა.