III თავი
აბიტურიენტების სადღესასწაულო ფორმებს ვერცხლისფერი საყელოები, ვერცხლისბალთიანი ქამრები და ვერცხლისფერი ღილები ამშვენებდა. თვითონ ნაჭერი კი ისე იყო გატკიცინებული, რომ უთოს სითბოს სუნი ჯერაც ასდიოდა. გიმნაზიის დიდ დარბაზში თავშიშვლები ჩუმად ვიდექით. დაიწყო გამოცდის საზეიმო პროცესი. ჩვენ ყველა მართლმადიდებლური ეკლესიის ღმერთს დახმარებას ვთხოვდით, ორმოცივე გიმნაზიელი, რომელთაგანაც მხოლოდ ორი ეკუთვნოდა ამ ეკლესიას.
მღვდელს საზეიმო, მოოქროვილი ანაფორა ემოსა, გრძელი, სურნელოვანი თმა ჰქონდა და ხელში დიდი ოქროს ჯვარი ეჭირა. ლოცვა დაიწყო. დარბაზი საკმევლის სურნელით აივსო. ყველამ დაიჩოქა.
მღვდლის წამღერებით წარმოთქმული მართლმადიდებლური ეკლესიის ლოცვა ყრუდ ჩაგვესმოდა. უკვე მერამდენედ გვესმოდა ამ რვა წლის განმავლობაში:
„ყოვლადმორწმუნე, ყოვლადძლიერ, ყოვლადქრისტიან ხელმწიფეს, მეფე ნიკოლოზ მეორე ალექსანდრეს ძეს წყალობა ღვთისა... და ყველა მეზღვაურს, მოგზაურს, ყველა სწავლულს, ყველა ტანჯულს და ყველა მებრძოლს, ყველას, ვინც მთელი ცხოვრება რწმენისთვის, მეფისთვის და სამშობლოსთვის იბრძვის და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს წყალობა ღვთისა“.
გაბეზრებული მივშტერებოდი კედელს; ფართო ოქროს ჩარჩოდან ყოვლადძლიერი და ყოვლადწმინდა მბრძანებელი მეფე ნიკოლოზ მეორე შემოგვცქეროდა, თითქოს მართლაც იქ იდგაო. სურათი იმხელა იყო, ბიზანტიურ ხატს მოგაგონებდა. მეფეს მოგრძო სახე, ქერა თმა და ცივი, ნათელი თვალები ჰქონდა. მკერდს უამრავი მედალი უმშვენებდა. მთელი ეს რვა წელი ვცდილობდი დამეთვალა, რამდენი მედალი ეკიდა, მაგრამ სულ მერეოდა.