კარგი თემა იყო. შემეძლო დამეწერა. რაც შეიძლება უნდა მექო და მედიდებინა რუსი ქალები და თამაშსაც მოვიგებდი. ყველაზე ძნელი ფიზიკა წერა იყო, მაგრამ ცოდნა თუ გიმტყუნებს, გადაწერის ხელოვნებას უნდა მიმართო. მშვიდობიანად ჩაიარა ფიზიკის გამოცდამაც და, რაღა თქმა უნდა, კომისიისთვისაც მშვიდობიანი დღე იქნებოდა.
მერე იწყებოდა ზეპირი გამოცდები. მთავარი იყო, იოლ შეკითხვებზე რთული პასუხები გაგეცა. პირველი გამოცდა რელიგიაში გვქონდა. ჩვეულებრივ ყოველთვის მოკრძალებული გიმნაზიის მოლა ამჯერად ჩვენ წინ მაგიდასთან იჯდა გრძელი, ფარფარა მოსასხამით და განიერი მწვანე ბაფთით, რომელსაც წინასწარმეტყველის მიმდევრები ატარებდნენ. ის კეთილად იყო განწყობილი თავისი მოსწავლეებისადმი. მე მხოლოდ ისლამური სარწმუნოების ძირითადი მცნება მკითხა და მას მერე, რაც ბრწყინვალედ ჩამოვუყალიბე შიიტური მიმდინარეობის ძირითადი არსი, მაღალი ნიშანიც დავიმსახურე: „არა არს ღმერთი, თვინიერ ალაჰისა, და მუჰამადია მოციქული მისი, ალი კი ალაჰის შემწე დედამიწაზე.“ ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლოს იყო, განსხვავება შიიტ ღვთისმოსავთა და სუნიტ ცდომილ ძმებს შორის, რომელთაც მაინც არ წაართვა ალაჰმა თავისი წყალობა. ასე გვასწავლა მოლამ, რომელიც ძალზე ლიბერალი გახლდათ.