რაც შეეხება ისტორიას, მასწავლებელი ლიბერალობით არ გამოირჩეოდა. ბილეთიც ისეთი შემხვდა, არ მესიამოვნა: „მადათოვის გამარჯვება განჯასთან“. თვითონ მასწავლებელსაც დაეტყო აღელვება. ეს ის ბრძოლა იყო, სადაც რუსებმა მზაკვრულად მოკლეს ჩემი წინაპარი იბრაჰიმ ხან შირვანშირი, რომლის დახმარებითაც ჰასან ყულიმ თავად ციციანაშვილს მოაჭრა თავი .
„შირვანშირ, თქვენ შეგიძლიათ თქვენი უფლება გამოიყენოთ და ბილეთი გამოცვალოთ“. მე უნდობლად გავხედე მინის საფარს, რომელშიც ლატარიის ბილეთებივით ეწყო საგამოცდო ბილეთები. ყოველ მოსწავლეს ჰქონდა უფლება, აღებული ბილეთი ერთხელ გამოეცვალა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაღალ ნიშანსაც უნდა გამომშვიდობებოდა. ეს არ მინდოდა და ბედს დავემორჩილე, მით უმეტეს, რომ ჩემი წინაპრის სიკვდილზე ასე თუ ისე რაღაც ვიცოდი, ამ მინის ქვეშ კი, ვინ იცის, ჩემთვის უცნობი რამდენი საკითხი ეწყო – პრუსიის ომზე თუ ამერიკის გამათავისუფლებელ ბრძოლაზე. ამიტომაც ბილეთის გამოცვლაზე უარი ვთქვი: „გმადლობთ, ჩემს საკითხს დავიტოვებ“. და მოვყევი, როგორც შემეძლო აბას მირზაზე, როგორ დაიძრა ორმოციათასიანი ჯარით თავრიზიდან, რომ აზერბაიჯანიდან რუსები განედევნა, როგორ დახვდა მათ მეფის გენერალი სომეხი მადათოვი ხუთი ათასი კაცით განჯასთან და ბრძანა, ცეცხლი გაეხსნათ სპარსელებისათვის. სროლის შედეგად უფლისწული აბას მირზა ცხენიდან ჩამოვარდა და თხრილში ჩაიმალა. მთელი ჯარი დაიფანტა. იბრაჰიმ ხან შირვანშირი კი ცდილობდა, მდინარე გადაელახა, მაგრამ დაიჭირეს და დახვრიტეს. რუსთა გამარჯვება ჯარის სიმამაცემ კი არა, მადათოვის ძლიერმა აღჭურვილობამ განაპირობა. ამ გამარჯვებით გათავისუფლდა თურქმენჩაი. ამასთან, ომის შემდგომ სპარსელებისაგან დაკისრებული ხარკის შედეგად ხუთი პროვინცია მთლად გაპარტახდა“.