Выбрать главу

XXX თავი

განჯაში დიდი მეჩეთის კედელთან ვისხედით, წინ თეფში მედგა წვნიანით. ეზოში დაღლილი ჯარისკაცები იწვნენ. მდინარის იქით ზარბაზნების ხმა ისმოდა. აზერბაიჯანის რესპუბლიკას სიცოცხლის მცირე დღეებიღა დარჩენოდა. მოშორებით, ეზოს კუთხეში მივჯექი, ხელში რვეული მეჭირა და მკვეთრად ვგრძნობდი, რომ მწველ ფრაზებში წარსულს მინდოდა ჩავჭიდებოდი.

 როგორ იყო ეს მაშინ? როგორ იყო ამ რვა დღის წინ განჯის სასტუმროს ერთ პატარა ოთახში?

 – სულელი ხარ, ალი ხან. – ჩაილაპარაკა ილიას ბეგმა. ღამის სამი საათი იქნებოდა. ნინოს გვერდით ოთახში ეძინა.

 – სულელი ხარ. – გამიმეორა მან.

 მაგიდასთან ვიჯექი. სულ არ მაინტერესებდა ილიას ბეგის აზრი:

 – აქ დავრჩები. მოხალისეებიც მოვლენ და ვიბრძოლებთ. ჩემი ქვეყნიდან არ გავიქცევი.

 ოცნებებში წასული ჩემთვის ჩუმად ვლაპარაკობდი. ილიას ბეგი მიხვდა, უაზრობა იყო ჩემთან ლაპარაკი, მაინც ვერ გადამათქმევინებდა. მდუმარედ, ნაღვლიანად შემომცქეროდა:

 – ალი ხან, სკოლაში ერთად დავდიოდით, ერთად ვჩხუბობდით შესვენებებზე რუსებთან, უკან მოგყვებოდი, როცა ცხენით მისდევდი ნახარარიანს. ჩემი ცხენით მივიყვანე ნინო სახლში. ციციანაშვილის ჭიშკართანაც ერთად ვიბრძოდით, მაგრამ ახლა უნდა წახვიდე. ნინოს გამო, შენ გამო, სამშობლოს გამო, რომელსაც შეიძლება კიდევ დასჭირდე.