Выбрать главу

 – ილიას ბეგ, შენ აქ რჩები და მეც აქ დავრჩები.

 – აქ იმიტომ ვრჩები, რომ ვიცი, როგორ და საით უნდა გავუძღვე ჯარისკაცებს, გავუზიარო ომის გამოცდილება. სპარსეთში უნდა წახვიდე, ალი ხან.

 –არ შემიძლია სპარსეთში წასვლა, ვერც ევროპაში წავალ.

 ფანჯარასთან მივედი – ქვემოთ ჩირაღდნები ანათებდა. თოფის სროლის ხმა ისმოდა. ქუჩებში შეიარაღებული ხალხი მიმოდიოდა.

 – ალი ხან, ქვეყანას სიცოცხლის რვა დღეც აღარ დარჩენია.

 გულგრილად გავაქნიე თავი. ქვემოთ იარაღის ჟღრიალი ისმოდა.

 უკნიდან ნაბიჯები შემომესმა. შევბრუნდი, ნინო იდგა ნამძინარევი თვალებით.

 – ნინო, უკანასკნელი მატარებელი თბილისისაკენ ორ საათში გადის.

 – ჰო, უნდა წავიდეთ, ალი.

 – „არა, შენ წადი ბავშვთან ერთად. მოგვიანებით მეც ჩამოვალ. ჯერ აქა ვარ საჭირო. საქმე ისე აღარაა, როგორც მაშინ, ბაქოში. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ნინო, შენ აქ ვერ დარჩები, რადგან ახლა ბავშვი გყავს.

 ვლაპარაკობდი და ფანჯრიდან ვიყურებოდი. გარეთ ჩირაღდნები ანათებდა. ილიას ბეგი კუთხეში იდგა თავდახრილი და შეცბუნებული შემოგვცქეროდა.

 ნინოს ძილი გაუკრთა. ნელა მიუახლოვდა ფანჯარას და გარეთ გაიხედა. მერე ოთახის შუაგულისაკენ წამოვიდა, თავი გვერდზე გადახარა და ილიას ბეგს გახედა. ილიასმა მის მზერას ვერ გაუძლო.

 – მე და თოჯინა? და შენ არ წამოხვალ?

 – მე არ შემიძლია, ნინო.

 – შენი წინაპარი განჯის ხიდთან დაეცა, სკოლიდან, ისტორიის გამოცდიდან მახსოვს მწარედ.

 ნინო იატაკზე დაეშვა და უცბად გულისგამგმირავი ყვირილი აღმოხდა. სიკვდილის კარიბჭესთან მდგომი დაჭრილი მხეცივით ღმუოდა, ცრემლებიც არ გადმოსდიოდა, მთელი სხეული უცახცახებდა. ილიას ბეგმა ვეღარ გაუძლო და ოთახიდან გავარდა.