Выбрать главу

 – მე ჩამოვალ, მართლა ჩამოვალ სამ დღეში. – შევეცადე დამემშვიდებინა, მაგრამ მაინც ყვიროდა. ქვემოთ კი მომაკვდავი რესპუბლიკის ველურ სიმღერას მღეროდნენ.

 უცბად გაჩუმდა, გაყინული თვალები მიმოავლო ოთახს და წამოდგა. ერთი ხელით ჩემოდანი ავიღე, მეორეზე ჩემი პატარა თოჯინა დავიწვინე და მდუმარედ დავუყევი სასტუმროს კიბეებს. ილიას ბეგი დაბლა, მანქანაში გვიცდიდა. სადგურამდე გზა გადაჭედილი იყო.

 – სამი-ოთხი დღე, ნინო, – ამშვიდებდა ილიას ბეგი, – მხოლოდ სამი-ოთხი დღე, და ალი ხანი ისევ თქვენთან იქნება. 

 – ვიცი. – მშვიდად დაუქნია ნინომ თავი, – ჯერ თბილისში ვიქნებით, მერე პარიზში გავემგზავრებით, გვექნება სახლი მშვენიერი ბაღით და კიდევ ერთი ბიჭიც გვეყოლება.

 – ეგრე იქნება, ნინო, ეგრე. – ჩემი ხმა მტკიცედ და დამაჯერებლად ჟღერდა.

 ნინომ ხელი მომიჭირა და თან სადღაც შორს იყურებოდა. ლიანდაგები გველებივით მიიკლაკნებოდა. სიბნელიდან მატარებელი ბოროტი ურჩხულივით გამოჩნდა. ნინო ნაჩქარევად მაკოცა.

 – კარგად იყავი, ალი ხან, სამ დღეში შევხვდებით. – გაიმეორა მან.

 – რა თქმა უნდა, ნინო, და მერე პარიზში წავალთ. – ვუთხარი მე.

 მან ხავერდივით ნაზი თვალებით გამიღიმა. თითქოს ასფალტზე მიმაწებესო, ვეღარ ვინძრეოდი. ძალა აღარ შემწევდა. ილიას ბეგმა ნინო თავის კუპემდე მიაცილა, ის მშვიდად იყურებოდა ფანჯრიდან, პატარა, დაბნეული, შეშინებული ჩიტივით. ხელს მიქნევდა. მატარებელი დაიძრა. ილიას ბეგი ვაგონიდან ჩამოხტა. ჩვენ ისევ ქალაქში დავბრუნდით. არ მასვენებდა ფიქრი სამშობლოზე, რომელსაც რამდენიმე დღის სიცოცხლეღა დარჩენოდა.