Выбрать главу

 ირიჟრაჟა. ქალაქი შეარაღებულ ბანაკს ჰგავდა. სოფლებიდან გლეხები მოდიოდნენ მალულად, გადანახული ტყვია-წამალი და იარაღი მოჰქონდათ. მდინარის იქითა ნაპირას, ქალაქის სომხურ ნაწილში კანტიკუნტად გაისმოდა სროლა. ქვემოთ უკვე რუსები იდგნენ. ქვეყანას წითელი არმია შემოესია.

 ქალაქში ერთი კაცი გამოჩნდა – ხშირი წარბები, მოკაუჭებული ცხვირი, ღრმად ჩამჯდარი თვალები ჰქონდა. უფლისწული მანსურ მირზა ყაჯარი ერქვა. ვინ იყო, ან საიდან იყო წარმოშობით, არავინ იცოდა. ისე კი სამეფო, ყაჯართა გვარისა გახლდათ. ქუდზე ირანის სიმბოლო – ვერცხლისფერი ლომი უბრწყინავდა. ამბობდნენ, მმართველობა თვით დიდი მაჰმადის მემკვიდრის თანხმობით მიიღოო. რუსული ბატალიონები განჯისკენ მოიწევდნენ. ქალაქი ბაქოდან ლტოლვილებით ივსებოდა. მოჰქონდათ ამბები დახვრეტილ მინისტრებზე, დაჭერილ პარლამენტარებზე, ცხედრებზე, ქვები რომ მოაბეს და კასპიის ზღვის სიღრმეში ჩაძირეს. იმასაც ყვებოდნენ, ტაცა-ფირის მეჩეთში ახლა კლუბიაო.

 სეიედ მუსტაფა კედელთან ლოცვის დროს მაგრად უცემიათ, გაუკოჭავთ და პირი ღორის ხორცით გამოუტენიათ, მოგვიანებით ბიძამისთან, მაშჰადში გაქცეულა, მამამისი კი რუსებს მოუკლავთ. ეს ამბავი არსლან აღამ გვიამბო. ახლა ჩემ წინ იდგა და მომჩერებოდა, როგორ ვანაწილებდი იარაღს.

 – მეც მინდა ვიბრძოლო, ალი ხან.

 – შენ? შე მელნით გათხუპნულო გოჭუნავ?!

 – გოჭი არა ვარ, ალი ხან, ჩემი ქვეყანა მეც მიყვარს, როგორც ყველას. მამაჩემი თბილისში გაიქცა. მომეცი იარაღი. – გულწრფელად ამბობდა და თან თვალებზე ცრემლები უბრწყინავდა.