Выбрать главу

 იარაღი არსლანსაც მივეცი. ჩემს კოლონაში მოაბიჯებდა, ხიდისკენ მივდიოდით, რომლის იქითა მხარეს რუსი ჯარისკაცები იდგნენ.

 მტრის პირისპირ აღმოვჩნდით. მტვერსა და შუადღის მზის ბრწყინვალებაში ნათლად ვხედავდი მათ წვეტიან ხიშტებს და ველური სიშმაგე მიპყრობდა.

 – ირალი! – „წინ!“ – დაიძახა ვიღაცამ და ხიშტები დავუშვით. თოფი მოვიმარჯვე. მხარში ტყვია მომხვდა. მტერს კონდახით ვიგერიებდი გამწარებული, თავგაპობილები ცვიოდნენ ძირს და თავიდან გადმონთხეული ტვინი ქვიშას ერეოდა. გვერდზე გავიხედე და დავინახე, არსლან აღა ვიღაც რუსს ხანჯალს ურჭობდა თვალში. შორიდან საყვირის ხმა შემოგვესმა. რომელიღაც ქუჩის კუთხეში გადავინაცვლეთ და ბრმად ვისროდით სომხების სახლების მიმართულებით.

 ღამით თანდათან უკან დავიხიეთ ხიდისკენ. იქ ილიას ბეგი იჯდა და ტყვიამფრქვევს საბრძოლოდ ამზადებდა. ღამით ისევ მეჩეთის ეზოში დავბრუნდით. წვნიანს შევექეცით, ატამიც დავაყოლეთ. ილიას ბეგმა ბავშვობა გაიხსენა, ზღვაში ბანაობისას კინაღამ ტალღამ რომ დაახრჩო. არსლანიც ჩვენთან იჯდა და მადიანად ხრავდა ატამს.

 ღამით არსლან აღა ჩემკენ მოჩოჩდა და მითხრა:

 – მეშინია, ალი ხან, მშიშარა ვარ.

 – მაშინ დადე იარაღი, მინდვრებით პულას მდინარემდე მიდი და საქართველოში გაიქეცი.

 – არ შემიძლია, მინდა ვიბრძოლო, ჩემი ქვეყანა მეც მიყვარს, როგორც სხვებს. მერე რა, რომ სულით მშიშარა ვარ!

 სიჩუმე ჩამოწვა. კვლავ ირიჟრაჟა.

 შორს ქვემეხები ქუხდა. ილიას ბეგი მინარეთთან იდგა უფლისწულ ყაჯარის გვერდით და გარემოს საველე ჭოგრით აკვირდებოდა. შორს საყვირის ხმა ისმოდა – თითქოს მოთქვამდა და საბრძოლველად გვიხმობდა. მინარეთთან დროშა ფრიალებდა. ვიღაც თურანის სამეფოს უმღეროდა: