Выбрать главу

 – უამრავი რამ მსმენია, – წამოიწყო ერთმა კაცმა ნაღვლიანი თვალებითა და სიკვდილმისჯილის სახით, – ვიღაც აღდგა სპარსეთში, რეზა ჰქვია. ამბობენ, ჯარისკაცები მოჰყავს ჩვენს დასახმარებლადო. ჩვენი ბრძოლა არ იქნება ამაო, ოცდახუთი ათასი კაცი მოდის ჩვენკენ.

 – ოცდახუთი ათასი კი არა – ოცი მილიონი, მთელი მსოფლიოს მუსლიმები-მეთქი, – მაგრამ, ღმერთმა უწყის, დროულად მოვლენ თუ არა.

 ხიდისკენ გავემართეთ. ტყვიამფრქვევთან ვიდექი, ტყვიების ლენტი თითებს შუა კრიალოსანივით მისრიალებდა. გვერდით ფერმიხდილი არსლან აღა მეჯდა, მაგრამ იღიმებოდა. ტყვიამფრქვევი შეუჩერებლივ კაკანებდა ხიდზე. სადღაც სომხური სახლების უკან ბუდიონის მარშის ხმა ისმოდა. ხიდიდან გადავიხედე, უზარმაზარი დამშრალი მდინარის კალაპოტი შემომცქეროდა ქვემოდან. მოედანზე რუსები გამოჩნდნენ, ხიდისკენ მორბოდნენ, ერთ კუთხეში ჩაიმუხლეს და მიზანში ამოგვიღეს. მტრის ყოველ გასროლას მეც გამძვინვარებით ვპასუხობდი. რუსები ჩემ წინ მარიონეტებივით ეცემოდნენ, მაგრამ მათ უკან ახალი რიგები ჩნდებოდა. და ჩემი ტყვიამფრქვევი უღონოდ კაკანებდა განჯის ხიდზე.

 არსლან აღამ ხმამაღლა, განწირული ბავშვივით დაიღრიალა. გადავიხედე. ხიდზე იწვა და პირიდან სისხლი სდიოდა. ტყვიამრფქვევს მივაჭირე. ტყვია სეტყვასავით დავუშინე მტერს. უცბად ჩემი ქუდი მდინარის კალაპოტში გადაეშვა, ქარისგან, ან იქნებ ტყვიისგანაც. საყელო შემოვიგლიჯე. მკერდი მოვიშიშვლე. შორს მტრის საყვირის ხმა გაისმა. შეტევაზე გადასვლას იუწყებოდა. ჩემსა და მტერს შორის არსლან აღას სხეული იყო. შეიძლება ადამიანი მშიშარა იყოს, მაგრამ გმირივით დაეცეს სამშობლოსათვის ბრძოლაში. დაბლა საყვირის ხმამ უკან დახევა გვამცნო. ტყვიამრფქვევები დადუმდა. ოფლიანი, მშიერი ვიჯექი ხიდზე და ცვლას ველოდებოდი. და აი, ცვლაც მოვიდა. უხეშმა ხელებმა ტყვიამფრქვევისაკენ გადააადგილეს არსლანის გვამი. ღამით მეჩეთის ეზოში დავბრუნდი.