სახლისაკენ მივიჩქაროდი. ისე მიმიღეს, როგორც სპარსელებზე გამარჯვებული ალექსანდრე ომის შემდეგ. მსახურები კრძალვით შემომცქეროდნენ. მამამ გადამკოცნა და სამი სურვილის შესრულებას დამპირდა. არჩევანი ჩემზე იყო. ბიძაჩემმა დაასკვნა, რომ ისეთი ჭკვიანი კაცისათვის, როგორიც მე ვიყავი, მხოლოდ თეირანის კარზე თუ მოიძებნებოდა ადგილი.
როგორც კი პირველი ემოციები ჩაცხრა, ტელეფონთან მივიპარე. ორი კვირა ნინოსთან არ მილაპარაკია. ბრძენ კაცს უთქვამს, თუ საპასუხისმგებლო საქმე გაქვს, ქალისგან თა-ვი შორს დაიჭირეო. ავკრიფე 33-81 და ნინოს ხმაც გავიგე:
– ჩააბარე, ალი?
– კი, ნინო!
– გილოცავ, ალი.
– სად და როდის, ნინო?
– ხუთზე გუბერნატორის ბაღთან, აუზთან.
მეტის თქმა აღარ შემეძლო. ზურგით ცნობისმოყვარე მსახურებისა და ნათესავების მზერას ვგრძნობდი. ნინოსაც ალბათ დედამისი ედგა გვერდით. თანაც, არც თუ ისე სასიამოვნოა, როცა საყვარელი ადამიანის ხმა გესმის და ვერ ხედავ.
მერე დიდ ოთახში გავედი მამასთან. ის და ბიძაჩემი ტახტზე ისხდნენ და ჩაის შეექცეოდნენ. კედელთან მსახურები იდგნენ და მომშტერებოდნენ. სიმწიფის გამოცდა ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული. ვიდრე ცხოვრების კარს შევაღებდი, ჯერ მამის დარიგება უნდა მიმეღო. ეს ამაღელვებელი და ცოტა ძველმოდური იყო, მაგრამ მამამ შვილს ყველა წესის დაცვით ცხოვრების სიბრძნე უნდა გაუზიაროს:
„შვილო ჩემო, ახლა, როცა შენ უკვე ცხოვრების კარი უნდა შეაღო, ვალდებული ვარ, მუსლიმის ყველა მოვალეობა კიდევ ერთხელ შეგახსენო. ჩვენ ურწმუნოთა ქვეყანაში ვცხოვრობთ და, რადაც უნდა დაგიჯდეს, მტკიცედ უნდა დაიცვა ძველი ადათ-წესები. გამუდმებით ილოცე, არასოდეს დალიო, არასოდეს აკოცო სხვის ცოლს, კეთილად მოეპყარი ღარიბებსა და სუსტებს. ყოველთვის მზად იყავი ხმლის ამოსაღებად და რწმენის დასაცავად. ბრძოლის ველზე თუ დაეცემი, მოხუც მამას გულს მომიკლავ, მაგრამ შენი უღირსი სიცოცხლის გამო სირცხვილით დავიწვები. შვილო ჩემო, მტერს ნუ დანებდები, ჩვენ ქრისტიანები არა ვართ. ხვალინდელ დღეზე ნუ იფიქრებ, ეს მხოლოდ მხდალის ხვედრია. ნუ დაივიწყებ მუჰამადის რწმენას, იმას, რასაც შიიტური მოძღვრების მიმდევარი იმამ ჯაფარი გვიქადაგებს!“