დიდ, მტვრით დაფარულ ბაღში გამხმარი ხეები მოწყენილად გამოიყურებოდა. სავალი ბილიკები სულ მოასფალტებული იყო. მარჯვნივ ძველი ციხე-სიმაგრის კედელი მოჩანდა. შუაში ქალაქის კლუბის მარმარილოს სვეტები თეთრად ბრწყინავდა. ხეებს შორის უთვალავი ძელსკამი ჩაედგათ. რამდენიმე მტვრით დაფარული პალმის ქვეშ სამი ფლამინგო შეყუჟულიყო და უძრავად მიშტერებოდა ჩამავალი მზის ათინათს. კლუბის მახლობლად ქვებით მოპირკეთებული, ღრმა, მრგვალი აუზი გაეკეთებინათ. ერთი პირობა უნდოდათ, აუზი წყლით აევსოთ და შიგ გედები გაეშვათ, მაგრამ ამის განხორციელება ვერ შეძლეს: ჩვენში წყალი ძვირად ფასობდა, გედები კი იშვიათობა იყო. ამიტომაც აუზი, მკვდარი ციკლოპის თვალის ღრმულივით, მუდამ ცარიელი შეჰყურებდა ცას.
ერთ ძელსკამზე ჩამოვჯექი. მზე მიყოლებით ჩამწკრივებული ნაცრისფერი სახლების უკან ეშვებოდა. ვიღაც ჩადრიანმა ქალმა ფლოსტების ფრატუნით ჩამიარა, მარტო ნისკარტივით ცხვირი მოუჩანდა. თვალი მოვარიდე. უჩვეულო დაღლილობა მომეძალა. კიდევ კარგი, ნინო ჩადრს არ ატარებს, და არც ასეთი გრძელი ცხვირი აქვს. არა, ნინოს ჩადრს ვერ ჩამოვაფარებ. ჰა, იქნებ მაინც? ჯერ ზუსტად არ ვიცი. ჩამავალი მზის ნათებაში ნინოს სახე დამიდგა თვალწინ. ნინო ყიფიანი – მშვენიერი ქართველი ქალი, დიდგვაროვანი წარმომავლობისა, ევროპულად აღზრდილი, შეუდარებელი სილამაზის მქონე: თეთრი, ქათქათა კანით, მომღიმარი, დიდი, მუქი, მოციმციმე კავკასიური თვალებით, გრძელი, ნაზი წამწამებით; მხოლოდ ქართველებსა აქვთ ასეთი თბილი, სიცოცხლით აღსავსე თვალები, სხვას – არავის, არც ევროპელს, არც აზიელს. ვიწრო, ნახევარმთვარისებური წარბები, ღვთისმშობლის პროფილი. სევდა მომერია. ამ შედარებებმა და წარმოდგენებმა დამთრგუნა. საერთოდ, მდიდარია აღმოსავლელი კაცის წარმოსახვა, მაგრამ ამჯერად ერთი რამის თქმა შემიძლია: ნინო უცხო, გაუგებარი ქრისტიანული სამყაროს, წმინდა მარიამის სიმბოლოა.