სწორედ ასე მოხდა რამდენიმე წლის წინ. თორმეტი წლის ატირებული ნინო ჩემს კლასში შემოიჭრა. მე მის საკლასო ოთახში შეპარვა მომიხდა. მთელი საათი ვიჯექი მერხის ქვეშ და მათემატიკის ამოცანას ვკარნახობდი. იმ დღის მერე ნინოს თვალში გმირი გავხდი.
– როგორ არის ბიძაშენი თავისი ჰარამხანით? – მკითხა ნინომ.
სერიოზული სახე მივიღე, რადგან, რაც ჰარამხანას ეხებოდა, საიდუმლო იყო. მაგრამ ნინოს უწყინარი ინტერესი აღმოსავლური ადათ-წესების ყოველგვარ კანონს გაალღობდა:
– ბიძაჩემის ჰარამხანა სამშობლოში გასამგზავრებლად ემზადება. დასავლეთის მედიცინის ყველა მეთოდი იქნა გამოყენებული, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.
ნინომ ბავშვური შუბლი შეიჭმუხნა და წამოიწყო:
– რა საშინელებაა, ეს ხომ სირცხვილია. მამაჩემიც და დედაჩემიც ჰარამხანის წინააღმდეგნი არიან.
სკოლის მოწაფესავით ლაპარკობდა, თითქოს გაკვეთილს ჰყვებაო. ბაგეებით მის ყურს შევეხე და ჩავჩურჩულე:
– მე არ მეყოლება ჰარამხანა, დამიჯერე, ნინო.
– ჰო, მაგრამ შენ, ალბათ, ჩადრს ჩამოაფარებ შენს ცოლს.
– ალბათ ჩადრი ნამდვილად საჭიროა, მზისაგან, მტვრისაგან, უცხო თვალისაგან დასაფარავად.
ნინო გაწითლდა:
– შენ მაინც აზიატად დარჩები, ალი. რას გიშლის უცხოების მზერა? ქალი იმისთვისაა, რომ მოეწონოთ.
– ჰო, მაგრამ მხოლოდ თავის ქმარს. მშვენიერი სახე, მოშიშვლებული ზურგი და მკერდი, გამჭვირვალე წინდები ფეხებზე. ამ ყველაფერს დამალვა სჭირდება, თორემ კაცი რაც მეტს ხედავს ქალში, მით მეტის დანახვა სურს. ამიტომაცაა ჩადრი კარგი.