ნინომ გაოცებულმა შემომხედა.
– შენ ფიქრობ, ევროპაში ჩვიდმეტ-თვრამეტი წლის გოგო-ბიჭებიც ასეთ თემებზე საუბრობენ?
– ალბათ არა.
– მაშინ ჩვენც ნუ ვილაპარაკებთ. – თქვა ნინომ მკაცრად და ტუჩები მოკუმა.
თმაზე მოვეფერე, ჩამავალი მზის უკანასკნელი სხივები თვალებს უელვარებდა. მისკენ გადავიხარე და მის პატარა ნოტიო ბაგეებს, უნებურად, ნაზად რომ გაპობოდა, მოურიდებლად დავეწაფე. დიდხანს ვკოცნიდი. მესმოდა მისი გახშირებული სუნთქვა. თვალები მილულული ჰქონდა. მერე კი უცბად გაითავისუფლა თავი. ჩუმად ვისხედით და ბინდს მივჩერებოდით. ცოტა ხნის შემდეგ დარცხვენილები წამოვდექით და ხელიხელჩაკიდებულნი გამოვედით ბაღიდან.
– იქნებ მართლა გინდა, ჩადრი ვატარო? თუ შენს დაპირებას შეასრულებ? – მკითხა მან გამოსასვლელთან. ნინო სახლამდე მივაცილე. გამომშვიდობებისას მითხრა:
– აუცილებლად მოვალ თქვენს გამოსაშვებ საღამოზე.
მე ისევ მისი ხელი მეჭირა და ვკითხე:
– ზაფხულში რას აპირებ, ნინო?
– ზაფხულში? ყარაბაღში, შუშაში მივდივართ. ახლა ნუ მოიგონებ რაღაცეებს, ეს იმას სულ არ ნიშნავს, რომ შენც შუშაში უნდა წამოხვიდე.
– მაშ კარგი, ზაფხულში შუშაში შევხვდებით.
– აუტანელი ხარ. არც კი ვიცი, რატომ მიყვარხარ. – თქვა მან და შინ შევიდა.
სახლში დავბრუნდი თუ არა, მამაჩემის ოთახისაკენ წავედი. გზად ბიძაჩემის საჭურისი შემომხვდა. გამოფიტული ხვლიკის სახით გამიცინა და მითხრა: „შეუდარებელი სილამაზისანი არიან ქართველი ქალები, ხან. მაგრამ არ შეიძლება ასე აშკარად, სხვების დასანახად ბაღში ხვევნა-კოცნა“. ფერმკრთალ ლოყაზე ვუჩქმიტე. საჭურისთან ყველანაირად შეიძლებოდა მოქცევა, არც ქალი იყო, არც კაცი, რაღაც საშუალო. მერე კი მამაჩემისაკენ გავემართე. შესვლისთანავე წამოვიწყე: „მამა, შენ სამი სურვილი მაჩუქე. პირველი უკვე ვიცი. ამ ზაფხულს მინდა ყარაბაღში მარტო წავიდე“. მამა დიდხანს მიმზერდა და ღიმილით დამეთანხმა.