IV თავი
ზეინალ აღა უბრალო გლეხი იყო სოფელ ბინიგადიდან. მშრალი ქვიშიანი სანაპიროს რაღაც ნაწილი ეკუთვნოდა. იმდენი თხარა, ვიდრე მიწიდან ნავთობმა არ ამოხეთქა. მას მერე გამდიდრდა, მაგრამ, რაც უფრო მდიდრდებოდა, უფრო მეტს ფიქრობდა. იცოდა, რომ ბედნიერებას სასჯელიც მოჰყვებოდა და, თითქოს ამ სასჯელის მოლოდინშიაო, განუწყვეტლივ აშენებდა მეჩეთებს, საავადმყოფოებს, ციხეებს, მექაში ლოცულობდა, ბავშვთა თავშესაფარიც ააშენა. მაგრამ უბედურებამ მაინც არ დააყოვნა.
თვრამეტი წლის ცოლი, რომელიც ჩვიდმეტი წლისამ შეირთო, გაექცა და ოჯახი დაინგრა. თავის ცოლზე მკაცრად და დაუნდობლად იძია შური, მაგრამ მას მერე სასტიკად დაძაბუნდა. ერთმა ვაჟმა მიატოვა, მეორემ კი გაუგონარი ცოდვა ჩაიდინა და თავს ლაფი დაასხა – თავი მოიკლა. და ახლა მოხუცი ბაქოში ცხოვრობდა, ორმოცოთახიან სასახლეში და თავის ერთადერთ ვაჟთან ილიას ბეგთან ერთად ნაღვლიანად ატარებდა დარჩენილ დღეებს. ილიას ბეგი ჩემი მეგობარი და კლასელი იყო. გამოსაშვები საღამოც სწორედ მასთან გვქონდა.
რვა საათზე შევაბიჯე ამ სასახლის კარში და მარმარილოს განიერ კიბეებს ავუყევი. მაღლა ილიას ბეგი იდგა და სტუმრებს ესალმებოდა. იმასაც ჩემსავით ჩერქეზული ტანსაცმელი ეცვა, ელეგანტურად გამოიყურებოდა, ქამარში ვიწრო ხანჯალი ჰქონდა გარჭობილი, კრაველის ბოხოხი არც იმას მოეხადა თავიდან, არადა, ახლა ეს მიღებული აღარ იყო. „სალამ ალეიქუმ, ილიას ბეგ!“ – მივესალმე და ერთმანეთს ხელი ძველი ადათის მიხედვით ჩამოვართვით: ჩემი მარჯვენათი მის მარჯვენას მოვუჭირე ხელი, მან კი თავის მარცხენა – ჩემს მარცხენას.