– დღეს ლეპროზორიუმი დაიხურება. – ჩამჩურჩულა მან. კმაყოფილმა თავი დავუქნიე.
ლეპროზორიუმი ჩვენი კლასის საიდუმლო აღმოჩენა იყო. რუსი მასწავლებლები, რომლებიც ბაქოში მუშაობდნენ და ქალაქზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ, დავარწმუნეთ, თითქოს ბაქოს სიახლოვეს ლეპროზორიუმი იყო. როცა ვინმეს გაკვეთილის გაცდენა მოუნდებოდა, ჭორებს ვავრცელებდით მასწავლებლებში, რომ ლეპროზორიუმიდან რამდენიმე ავადმყოფი გამოიქცა და ქალაქში დაძრწისო. მთელი კვირით ან ორი კვირით გვითხოვდნენ, ვიდრე ავადმყოფებს არ დაიჭერდნენ. არც ერთ მასწავლებელს თავში არ მოსდიოდა სანიტარიული პუნქტებისათვის შეეტყობინებინა და რამე გაეგო ამ ლეპროზორიუმის შესახებ. დღეს კი ლეპროზორიუმი საზეიმოდ უნდა დახურულიყო.
დარბაზი ხალხით იყო სავსე. კუთხეში ჩვენი სკოლის „ღირსება“ – დირექტორი იჯდა, ვასილი გრიგორიევიჩ ხრაპკო. სახეზე საზეიმო განწყობა გადაჰფენოდა, გარს უამრავი მასწავლებელი ეხვია. მაჰმადიან მოსწავლეთა შორის ერთადერთი ვიყავი, ვისაც საოცარი მიდრეკილება მქონდა ენებისა და დიალექტებისადმი. ზოგს რუსული წინადადების სწორი გამოთქმაც კი უჭირდა, მე კი უკვე რამდენიმე რუსულ დიალექტს ვფლობდი. დირექტორი პეტერბურგელი იყო, ამიტომ მასთან პეტერბურგულად უნდა გელაპარაკა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ხმოვნები უნდა ჩაგეყლაპა და თანხმოვნები კბილებში გამოგეცრა, ამაში იგი ვერანაირ დაცინვას ვერ ამჩნევდა და უხაროდა ჩვენი ქვეყნის ასეთი წარმატებული გარუსება. მოკრძალებულად მივეახლე დირექტორს: