– საღამო მშვიდობისა, ბატონო დირექტორო.
– საღამო მშვიდობისა, შირვანშირ, გადაგიარა უკვე გამოცდების ციებ-ცხელებამ?
– დიახ, ბატონო დირექტორო, მაგრამ ამჯერად სხვა რამ მაწუხებს.
– მაინც რა?
– არაფერი გაგიგიათ, ბატონო დირექტორო, ლეპროზორიუმის შესახებ?
– ლეპროზორიუმის? რა უნდა გამეგო?
– გუშინ იქიდან ავადმყოფები გამოქცეულან და ქალაქისაკენ დაძრულან. შეიარაღებული ჯარისკაცები გაუგზავნიათ მათ წინააღმდეგ. ავადმყოფებს ორი სოფელი დაუკავებიათ. ჯარისკაცებს ალყა შემოურტყამთ სოფლებისათვის და ცეცხლი გაუხსნიათ ავადმყოფებისათვისაც და ჯანმრთელებისათვისაც. სახლები ცეცხლის ალშია გახვეული. განა საშინელება არ არის, ბატონო დირექტორო?! ლეპროზორიუმი აღარ არსებობს. ქალაქის კარიბჭესთან ყრია ავადმყოფთა დაჩეხილი გვამები, რომელთაც ბენზინს გადაასხამენ და დაწვავენ.
დირექტორს შუბლზე ოფლმა დაასხა. ალბათ იმ წუთას იმაზე ფიქრობდა, მინისტრისათვის ხომ არ ეთხოვა სხვა, ცივილიზებულ მხარეში გადაყვანა: „საშინელი ქვეყანაა, საშინელი ხალხი, მაგრამ ხომ ხედავთ, ბავშვებო, რა დიდი მნიშვნელობა აქვს კარგი და მოხერხებული ძლიერი მმართველობის ყოლას.“– ამბობდა დათრგუნული.
მთელი კლასი გარს შემოგვერტყა და ისმენდა მის ქადაგებებს წესრიგის აუცილებლობაზე.
– ბატონო დირექტორო, იცით, რომ მეჰმედ ჰაიდარის ვაჟი უკვე ორი წელია ჩვენს გიმნაზიაში დადის? – ვკითხე მე უცბად დირექტორს.