– რაა?
დირექტორს თვალები გადმოსცვივდა. მეჰმედ ჰაიდარი გიმნაზიის სასჯელი იყო. ის ყოველ კლასში სამ-სამჯერ რჩებოდა, თექვსმეტი წლის ასაკში ცოლი შეირთო, მაგრამ სკოლაში მაინც დადიოდა. მისი ცხრა წლის ვაჟიც იმავე კლასში გადავიდა, რომელშიც მამამისი იჯდა. პირველად ამაყი მამა ამის დამალვას ახერხებდა, მაგრამ ერთხელ კლასში შემოვიდა იმისი პატარა, მსუქანი ბიჭი საქმიანი, უმანკო სახით და მამამისს აზერბაიჯანულად განუცხადა: „მამა, თუ ხუთ კაპიკს არ მომცემ შოკოლადის საყიდლად, დედას ვეტყვი, რომ მათემატიკის დავალება გადაიწერე“.
მეჰმედ ჰაიდარი სირცხვილისაგან მთლად გაწითლდა, თავისი უტაქტო ბიჭი დატუქსა და გვთხოვა, შვილის ამბავი დირექტორის ყურამდე არ მიგვეტანა.
– თქვენ ამტკიცებთ, რომ მოსწავლე მეჰმედ ჰაიდარს ვაჟი ჰყავს და ჩვენს სკოლაში დადის? – გვკითხა დირექტორმა.
– დიახ, მაგრამ ის პატიებას გთხოვთ და უნდა, რომ მისი შვილი თქვენსავით სწავლული გამოვიდეს. ხომ ხედავთ, ბატონო დირექტორო, რა ფართო მასები მოიცვა დასავლური ცოდნისკენ ლტოლვამ?
დირექტორი კმაყოფილებისაგან გაწითლდა. დუმდა და ალბათ იმაზე ფიქრობდა, რომ ეს სასკოლო წესების დარღვევა იყო. სად გაგონილა მამა-შვილის ერთ სასწავლებელში ყოფნა! თუმცა ისიც კარგად იცოდა, რომ ამ საკითხს ვერ მოაგვარებდა და მამა-შვილი დასავლეთის ცოდნის კერაში ერთად სიარულს კვლავაც გააგრძელებდა.
გვერდითი კარი გაიღო. ოთხ მუქკანიან ბრმა მუსიკოსს ათი წლის ბიჭი შემოუძღვა. სპარსეთიდან მოწვეული მუსიკოსები კუთხეში ხალიჩაზე მოკალათდნენ, იშვიათი უძველესი საკრავები ეჭირათ. აღმოსავლური ჰანგები დაირხა. ერთმა მომღერალმა ყურთან ხელი მიიტანა. ეს იყო აღმოსავლელი მომღერლის კლასიკური ჟესტი. დარბაზში სიჩუმე ჩამოწვა და ტამბურინის ველური ხმაც გაისმა. ერთ-ერთმა მომღერალმა სევდიანად დააკვნესა: