Выбрать главу

   – სიტყვებიც ისეთივე უაზროა, როგორც მელოდია. – კვერი დაუკრა გეოგრაფიის მასწავლებელმაც.

   მინდოდა, იქიდან ფეხაკრეფით გავბრუნებულიყავი, მაგრამ უეცრად ფარდა შეირხა, უკან მივიხედე და ფარდის იქით თეთრთმიანი მოხუცი კაცი შევნიშნე. ილიას ბეგის მამა ზეინალ აღა იყო. მუსიკას ყურს უგდებდა და ტიროდა, ცისფრად დაძარღვული დამჭკნარი ხელები ერთთავად უცახცახებდა. ეს გამხდარი ხელები, მის სახელსაც კი გაჭირვებით რომ დაწერდნენ, შვიდ მილიონს ფლობდნენ.

   თვალი მოვარიდე. ამ მოხუცს, ოდესღაც უბრალო გლეხს, უფრო მეტი ესმოდა მუსიკის ხელოვნებისა, ვიდრე მასწავლებლებს, ჩვენი განათლება რომ ევალებოდათ.

   სიმღერა დასრულდა. მუსიკოსებმა საცეკვაო მელოდია წამოიწყეს. დარბაზში მიმოვიხედე. მოსწავლეები ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ და ღვინოს სვამდნენ, მაჰმადიანებიც კი. მე არ ვსვამდი.

   აქა-იქ კუთხეში გოგონები იდგნენ. მათ შორის ქერათმიანი ცისფერთვალება რუსი ქალიშვილებიც იყვნენ, ისინი სომხებს, რუსებს, ქართველებს ესაუბრებოდნენ, მაგრამ თუ რომელიმე მაჰმადიანი დაელაპარაკებოდა, მაშინვე ხითხითს იწყებდნენ და ზურგს აქცევდნენ.

   ვიღაც როიალს უკრავდა. დირექტორი გუბერნატორის ქალიშვილთან ცეკვავდა.

   და აი, როგორც იქნა, კიბეზე მისი ხმაც გაისმა:

   – საღამო მშვიდობისა, ილიას ბეგ, ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის.

   უკან მივიხედე. ნინოს არც საღამოს კაბა ეცვა, არც წმინდა თამარის ლიცეუმის ფორმა. თასმები ისე მჭიდროდ ჰქონდა შემოჭერილი წელზე , მეგონა, მუჭაში მოვიქცევდი. მხრებზე მოკლე ოქროსფერღილებიანი პელერინა მოესხა. კოჭებამდე გრძელი შავი ქვედა კაბა ეცვა, მხოლოდ ტარსიკონის ფეხსაცმლის მოოქროვილი ჭვინტები მოუჩანდა. თავზე პატარა ქუდი ეხურა. შუბლზე ორ წყებად ოქროს ფირფიტები ეფინა. საქართველოს დედოფლის უძველესი სადღესასწაულო ტანსაცმელი ეცვა ჩემს პრინცესას, ბიზანტიელ ღვთისმშობელს ჰგავდა და სახე უღიმოდა.