– არ გამიწყრე, ალი ხან, ამ თასმების შეკვრას ერთი საათი მოვუნდი. ბებიას ნაქონია. თქვენს პატივსაცემად ჩავიცვი.
– პირველი ცეკვა ჩემთან. – დაიძახა ილიას ბეგმა. ნინომ კითხვის ნიშნად გამომხედა. მე თავი დავუქნიე, რადგან ცუდად ვცეკვავდი, ილიას ბეგისთვის კი ნინოს მინდობა შეიძლებოდა.
– შამილის ლოცვა! – დასძახა ილიას ბეგმა და ბრმა მუსიკოსებმაც მაშინვე დასცხეს ველური მელოდია... ილიას ბეგმა ხანჯალი იშიშვლა და შუა დარბაზში ისკუპა. კავკასიელი მთიელების ცეკვის ცეცხლოვან რიტმს ფეხები ააყოლა. ხელში ხანჯალი უელვარებდა. მის წინ ნინო დასრიალებდა. ფეხებს პატარა ძვირფას თოჯინასავით ამოძრავებდა. დაიწყო შამილის მისტერიები. ნინო საცოლეს განასახიერებდა, რომელიც უნდა მოეტაცათ. მის ყოველ მოძრაობაში შიში, სასოწარკვეთა, თუ უსასოობა გამოკრთოდა. მარცხენა ხელში მანდილი ეჭირა. მთელი სხეული უცახცახებდა, მაგრამ მონეტები ქუდზე ოდნავაც არ ირხეოდა. ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ეს იყო ამ ცეკვის ურთულესი ნიუანსი: მონეტები ერთხელაც არ უნდა გაწკრიალებულიყო.
დარბაზში მყოფნი მელოდიას რიტმულად ვაყოლებდით ტაშს. მხოლოდ ქართველს თუ შეეძლო ასე სხარტად მოძრაობა. ბიჭი გასაქანს არ აძლევდა. რაც მეტი სიმტკიცე შეიგრძნობოდა ვაჟის მოძრაობაში, მით მეტი სინაზე იფრქვეოდა ქალის სხეულის მოძრაობიდან. უცბად ნინო შეჩერდა. ის ნადირობის ჟამს დამფრთხალ შველს წააგავდა. ილიას ბეგი სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა და გზას უღობავდა. ნინოს თვალებში მორჩილება და სინაზე გამოკრთოდა. მოულოდნელად მუსიკის ველურ ჰანგზე მარცხენა ხელი გაშალა და ცხვირსახოცი იატაკზე დაეშვა. არც ილიას ბეგის ხანჯალმა დააყოვნა, უცბად გაიზუზუნა და ცხვირსახოცის შუაგულში ჩაერჭო. სასიყვარულო ცეკვის სიმბოლოც აღსრულდა.