იმ დროს, როცა რომანი გამოქვეყნდა, ანუ ნაციზმის აყვავების დროს, ეროვნებათშორისი ქორწინება სრულიად მიუღებელი სალიტერატურო თემა იყო. ასე რომ, ის დროებით დაივიწყეს და ხელახლა მხოლოდ ომის შემდეგ აღმოაჩინეს. რომანი ითარგმნა და რამდენჯერმე დიდი წარმატებით გამოიცა ინგლისსა და ამერიკაში. დღეს, როცა წიგნის გამოქვეყნებიდან 65 წელია გასული, ჭეშმარიტი ავტორის დადგენა ძალიან სერიოზულ ძიებას მოითხოვს. პირადად ჩემთვის კი ავტორობის სამივე პრეტენდენტის პრეტენზია მისაღებია. სრულიად შესაძლებელია, რომ არსებობდა ამ ისტორიის აზერბაიჯანული ვერსია, რომელიც ნასიმბაუმმა გაამდიდრა სათავგადასავლო-ავანტიურული ელემენტებით, ხოლო ბარონესამ ყველაფერ ამას საბაზრო-ევროპული სახე მისცა. თუმცა ჯერ დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ „ალი და ნინო“ ძალიან ნიჭიერი ადამიანის მიერ არის დაწერილი.
წაკითხვის შემდეგ ამ წიგნის ინგლისური გამოცემის ოთხი ეგზემპლარი ვიყიდე საჩუქრად დასარიგებლად. ერთი ცალი შოტლანდიაში გავუგზავნე ახლობელ ოჯახს. როცა წიგნი მიიღეს, ცოლ-ქმარმა ცალ-ცალკე დამირეკა, რაც უცნაური იყო, რადგან საერთოდ წელიწადში ერთხელ თუ მირეკავდნენ ხოლმე. ორივემ ერთი და იგივე მითხრა: დიდ მადლობას გიხდით წიგნისათვის, რომელიც მთელს მსოფლიოში ბესტსელერია, შოტლანდიაში კი ჯერ არ იყიდება და ვერსად ვიშოვეთო.
აი, ასეთი წიგნი გიჭირავთ ხელში და, დარწმუნებული ვარ, მანამ არ გადადებთ გვერდზე, სანამ ბოლო წინადადებას არ წაიკითხავთ.
ბიძინა მაყაშვილი
თბილისი, 2002