მე, რა თქმა უნდა, ეს გათვალისწინებული მქონდა და ცეკვის წინ ილიას ბეგს ჩემი ხანჯალი მივეცი. ასე რომ, ნინოს მანდილი იატაკზე ჩემი ხანჯლის წვერით იყო დამაგრებული. ნათქვამია: „ვიდრე აქლემს ალაჰს მიანდობ, ჯერ შენს ბაგაზე მაგრად მიაბიო“.
V თავი
„როცა ჩვენმა წინაპრებმა ამ მიწაზე ფეხი დაადგეს, რათა თავიანთი მოკრძალებული სახელი განედიდებინათ, უცბად შესძახეს: „ყარა ბაყ! – ნახე, აქ თოვლია!“ მთებს რომ მიუახლოვდნენ და უღრანი ტყე დაინახეს, მაშინაც იყვირეს: „ყარა ბაღ! – შავი ბაღი!“ და მას მერე ჰქვია ამ ქვეყანას ყარაბაღი. უწინ სიუნიქი ერქვა, სულ ადრე კი აგვარი. შენ უნდა იცოდე, ხან, ჩვენ უძველესი და ცნობილი ქვეყანა გვაქვს.“
ჩემი მსახური, მოხუცი მუსტაფა, რომელიც შუშაში თან მახლდა, სიამაყით აღვსილი დუმდა და თან ერთ ჭიქა ყარაბაღულ ხილის არაყს შეექცეოდა, ზედაც ერთ ნაჭერ ყველს ატანდა, უჩვეულოდ, ძაფებივით რომ იყო გადაწნული. მერე ისევ წამოიწყო ლაყბობა:
– ჩვენს მთებში ყარანლიყები, ბნელი სულები ცხოვრობდნენ და უზარმაზარ განძს დარაჯობდნენ. ტყეში წმინდა ქვები იყო აღმართული, წმინდა ნაკადულები მოედინებოდა. ჩვენ ყველაფერი გვაქვს. წადი, ქალაქში გაიარე და ნახე, ვინმე თუ მუშაობს, ან ვინმე თუა მოწყენილი. – თითქმის არავინ! არის ვინმე მშიერი? – არავინ! გაგიკვირდება, ბატონო!