მაოცებდა ამ ხალხის ტყუილების თხზვის არაჩვეულებრივი უნარი. შემთხვევას არ გაუშვებდნენ ხელიდან, თავისი ქვეყნის განსადიდებლად რომ არ გამოეყენებინათ. ერთ მსუქან სომეხს უნდოდა ჩემი დარწმუნება, რომ მარას ქრისტიანული ეკლესია შუშაში ხუთი ათასი წლის წინ ააგეს.
– ასე რატომ ცრუობ? ქრისტიანობა ჯერ ორიათასი წლისაც არ არის და ქრისტიანული ეკლესია ქრისტიანობამდე როგორ აშენდებოდა. – შევუტიე მე.
გაბერილ სომეხს ძალიან ეწყინა და გულნატკენმა მითხრა: „რა თქმა უნდა, შენ განათლებული კაცი ხარ, მაგრამ რატომ არ გინდა, მოხუცსაც დაუჯერო რამე. შეიძლება სხვა ხალხში ქრისტიანობა მხოლოდ ორი ათასი წლის წინ მიიღეს, მაგრამ ჩვენთან, ყარაბაღში, სამი ათასი წლით ადრე გაბრწყინდა მესიაო.“
ჯერ კიდევ შუშისაკენ მიმავალ გზაზე მეეტლეც კი ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ ქვის ხიდი, რომელზედაც გადავდიოდით, ალექსანდრე დიდმა ააშენა, როცა თავისი დიადი მიზნის მისაღწევად სპარსეთში მიდიოდა. დაბალ მოაჯირზე 1897 წელი იყო ამოკვეთილი და, როცა მეეტლეს ამაზე მივუთითე, მაინც ცივად უარყო: „ბატონო, ეგ წარწერა რუსებმა მოგვიანებით გააკეთეს, რომ ჩვენი დიდება შეელახათ“.
შუშა საოცარი ქალაქი გახლდათ. 5000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობდა და სომხებით და მაჰმადიანებით იყო დასახლებული. საუკუნეების მანძილზე აკავშირებდა ერთმანეთთან კავკასიას, სპარსეთსა და თურქეთს. გარს მშვენიერი მთები, ტყეები და მდინარეები ერტყა. მთებზე და მდელოებზე პატარა თიხის ქოხები იყო ჩადგმული, რომელთაც ბავშვური მოურიდებლობით სასახლეებს უწოდებდნენ. აქ ცხოვრობდნენ სომეხი მელიქები, ნახარარები, მაჰმადიანი ბეგები და აღალარსები. ისინი საათობით ისხდნენ თავიანთი სახლების ზღურბლზე, ჩიბუხს ეწეოდნენ და ერთმანეთს დაუსრულებლად უყვებოდნენ, რამდენჯერ გადაარჩინეს რუსეთი და რუსეთის მეფე ყარაბაღელმა გენერლებმა და, ისინი რომ არა, აღარც დიდი იმპერია იქნებოდა.