რკინიგზის პატარა სადგურიდან შვიდი საათი მივჩაქჩაქებდით ეტლით შუშისაკენ მიმავალ მიხვეულ-მოხვეულ გზებზე. თან ჩემი ყოჩი მახლდა. ყოჩები შეიარაღებულ მსახურებს ერქვათ და განსაკუთრებული თავზე ხელაღებულობით გამოირჩეოდნენ. ყოველთვის შეიარაღებულნი იყვნენ და დუმდნენ. იქნებ სწორედ ამ იდუმალებით ფარავდნენ თავიანთ „გმირულ ყაჩაღურ საქმეებს“. ან იქნებ დასამალი არც არაფერი ჰქონდათ. ყოჩი მამაჩემმა საგანგებოდ გამომაყოლა გზაზე, რომ უცხოებისგან დავეცავი, ან პირიქით, უცხოები დაეცვა ჩემგან. თუმცა, რა საჭირო იყო, თავადაც ვერ გამეგო. ისე, სასიამოვნო კაცი ჩანდა, ეტყობა, შირვანშირების ოჯახს როგორღაც ენათესავებოდა კიდეც და საიმედოდ თვლიდნენ. ასეთები მარტო აღმოსავლეთში თუ მოიძებნებოდა.
შუშაში ნინოს ჩამოსვლამდე ხუთი დღით ადრე ჩავედი და დილიდან დაღამებამდე მიწევდა ამბების მოსმენა, რომ თითქოს დედამიწის ზურგზე რაც კი მდიდარი, მამაცი და პატივსაცემი პიროვნებაა, ყველა წარმოშობით შუშიდან იყო. მთელი დღე გადავცქეროდი ამ მშვენიერ ქალაქს და ვითვლიდი ეკლესიების გუმბათებსა და მინარეთებს. შუშა ჭეშმარიტად ღვთისმოსავი ქალაქი გახლდათ. ჩვიდმეტი ეკლესია და ათი მეჩეთი სრულიად საკმარისი იყო სამოცი ათასი მცხოვრებისათვის. ამას კიდევ უთვალავი სალოცავი ემატებოდა ქალაქის მახლობლად და წმინდა სარი ბეგის სასაფლაოზე ამოსული ორი ხეც, სადაც ყარაბაღელმა მოლაყბეებმა პირველსავე დღეს წამათრიეს.