სასაფლაო ქალაქიდან ერთი საათის სავალზე იყო. აქ ყოველწლიურად ლოცულობდა მთელი ქალაქი და ჭალაში დიდ ნადიმს აწყობდა. ღრმად მორწმუნე ადამიანები ამ გზაზე მუხლის ჩოქით დადიოდნენ. ეს რთული რიტუალი უჩვეულო სანახავი იყო. სასაფლაოს ხეს არავინ უნდა შეხებოდა. ვინმეს ერთი ფოთლისთვისაც რომ შეევლო ხელი, მაშინვე დაკოჭლდებოდა. სასწაულმოქმედი იყო წმინდა სარი ბეგის ძალა. თუმცა, რა სასწაული მოახდინა, წესიერად მაინც ვერავინ ამიხსნა. მხოლოდ ის გავიგე, რომ, როცა მტერი დაედევნა, რაშით მთაზე ასულა, სწორედ იმ მთაზე, სადაც ახლა შუშაა გაშენებული. მერე კი კლდეებს და მთელ შუშას გადავლებია. იქ, სადაც მისი რაში დაეშვა, დღესაც ჩამარხული ყოფილა ცხენის ნალის ანაბეჭდიანი ქვა.
საოცარი ნახტომის გამო გაკვირვება რომ გამოვთქვი, აღშფოთებულებმა ამიხსნეს: „კი, მაგრამ, ბატონო, ეგ ხომ ყარაბაღული ცხენი იყოო!“.
ამას ყარაბაღულ ცხენზე თქმულებაც მოაყოლეს: „ყველაფერი მშვენიერია ამ ქვეყანაში, მაგრამ ყარაბაღულ ცხენს ბადალი არ ჰყავს. ამ ცხენის სანაცვლოდ სპარსეთის შაჰი აღა მაჰმადი მზად იყო მთელი ჰარამხანა დაეთმოო (ნეტა, ის თუ იცოდნენ ჩემმა მეგობრებმა, აღა მაჰმადი საჭურისი რომ იყო?) საუკუნეების მანძილზე ბრძენკაცებმა ბევრი იფიქრეს და აჯვარეს, ვიდრე ეს საოცრება არ გამოიყვანეს – ყარაბაღული ჯიშის ოქროსფერ-წითელი რაში.“