თითქმის ყოველ ყარაბაღულ სოფელში სახლობდნენ ადგილობრივი მგოსნები თუ მომღერლები, რომლებიც ზამთარში შინ ისხდნენ და ლექსებს თხზავდნენ, გაზაფხულზე კი მათ გარე სამყაროს აცნობდნენ. განსაკუთრებით გამოირჩეოდა სამი სოფელი, სადაც ძირითადად პოეტები ცხოვრობდნენ. აღმოსავლური პოეზიისადმი ღრმა პატივისცემის ნიშნად ეს სამი სოფელი ადგილობრივი ფეოდალების მიერ ყოველგვარი გადასახადებისაგან ოდითგანვე იყო განთავისუფლებული. ერთ-ერთი ასეთი სოფელი იყო ტაშ-კენდა.
ერთი თვალის შევლებაც კმაროდა, დარწმუნებულიყავით, რომ ამ სოფლის მცხოვრებნი ჩვეულებრივი გლეხები არ იყვნენ. კაცებს გრძელი თმა ჰქონდათ, აბრეშუმის ტანსაცმელი ეცვათ და ერთმანეთს უნდობლად უმზერდნენ. ქალები თავიანთ ქმრებს შეფიქრიანებული სახით დასტრიალებდნენ თავს და ხელში მუსიკალური საკრავები ეჭირათ. სოფელში ქვეყნის ყველა კუთხიდან მოეყარა თავი უამრავ მდიდარ სომეხსა და აზერბაიჯანელს, რომ აშუღთა ხელოვნებით დამტკბარიყო. სოფლის მგოსნები მთავარ მოედანზე შეკრებილიყვნენ. იქ მოპაექრეთა ორივე ჯგუფი იდგა და ერთიმეორეს გამომწვევად უმზერდა. უცბად ერთმა აშუღმა წამოიძახა:
– ტანსაცმელი გიყართ, სახეები ღორებს მიგიგავთ: ნიჭი ქალწულის მუცლის ბეწვივით სუსტი გაქვთ. ორ შაურად თქვენივე თავის დასაცინ ლექსებსაც კი შეთხზავთ.
საპასუხოდ გაისმა:
– მასხარასავით გაცვია, ხმა საჭურისივით წვრილი გაქვს, ნიჭს ვერც გაყიდი იმიტომ, რომ არ გაბადია, ჩემი ნასუფრალით ძღები.
ასე გაცეცხლებულები ლანძღავდნენ ერთმანეთს, ვიდრე მოციქულის მსგავსი შევერცხლილთმიანი ვიღაც მოხუცი არ გამოჩნდა. მან შეჯიბრისათვის ორი თემა დაასახელა, ერთი ლირიკაში და მეორე ეპოსში: „მთვარე არაქსზე“ და „სიკვდილი აღა მაჰმად ხანისა“.