მგოსანთა ორივე ჯგუფი ცას მიაჩერდა. მერე სიმღერა წამოიწყეს. ისინი უმღეროდნენ საჭურის აღა მაჰმადს, როგორ ჩავიდა იგი ქალაქ თბილისში, რომ იქ გოგირდის აბანოში მამაკაცობა აღედგინა. მაგრამ ამანაც რომ ვერ უშველა, განრისხებულმა ბრძანა, დაუნდობლად გაენადგურებინათ ქალაქი, დაეხოცათ ქალები და კაცები. მაგრამ ყარაბაღში რომ ბრუნდებოდა, ცოდვებმა უწია, ვიღაცამ ღამით კარავში მახვილით განგმირა. დიდ შაჰს არაფერი რგებია ცხოვრებისაგან. ბრძოლის ველზე შიმშილით ხდებოდა სული. შავ პურსა და მჟავე რძეს სვამდა და უამრავი ქვეყნის დამპყრობელი უდაბნოს უღარიბეს მათხოვარს ჰგავდა. ასეთი ბედი ერგო საჭურის აღა მაჰმადს.
ამ ყველაფერს მოლექსეები მშვენიერი სტროფებით გადმოსცემდნენ. ერთმა აშუღმა დაწვრილებით ასახა საჭურის აღა მაჰმადის ტანჯვა მშვენიერ ქალთა ქვეყანაში, მეორემ კი იმ ქალთა წამებით დასჯა. აღფრთოვანებული მაყურებელი ტაშს უკრავდა. მერე მეორე თემის გალექსვაც დაიწყეს.
– ვისა ჰგავს მთვარე არაქსზე? – წამოიწყო ერთმა მშვიდად.
– შენ ვინც გიყვარს, იმის სახეს. – გამოეპასუხა მეორე, მრისხანე სახე ჰქონდა ამ მგოსანს.
– მიმზიდველია ოქრო ამ მხარის. – განაგრძო ისევ პირველმა.
– მთვარე კი ფარია დიდი ომისა. – გამოეპასუხა ისევ მრისხანე ხმა.
ასე ერთიმეორესთან პაექრობაში იქვე ქმნიდნენ აშუღები სტროფებსა და ტაეპებს. ისინი უმღეროდნენ მთვარეს, მდინარე არაქსს, გოგონას, ნაწნავივით აქეთ-იქით რომ მიირხეოდა, შეყვარებულებს, ღამით რომ ჩადიოდნენ მდინარესთან და შიგ არეკლილ მთვარეს შესცქეროდნენ.