გამარჯვებულად ის მრისხანესახიანი აშუღი გამოცხადდა. მივუახლოვდი. დაფიქრებული შესცქეროდა, როგორ ივსებოდა მისი თასი ფულით.
– გიხარია გამარჯვება? – ვკითხე აშუღს.
გადააფურთხა. „ეს რა გამარჯვებაა, ბატონო. გამარჯვება უწინ უნდა გენახათ. მაშინ გამარჯვებულს უფლება ჰქონდა, თავი მოეკვეთა დამარცხებულისათვის. მაშინ ხელოვნებას მართლა აფასებდნენ. ახლა კი ჩვენ გააზიზებულები ვართ. ლექსისთვის სისხლს აღარავინ ღვრის.”
– ახლა შენ ხომ ქვეყნის საუკეთესო აშუღად ითვლები?
– არა, – თქვა მან და თვალები დაუნაღვლიანდა. – არა, – გაიმეორა კვლავ. – მე მხოლოდ ლექსის შემქმნელი ვარ, მე არა ვარ ჭეშმარიტი აშუღი.
– მაშ ვინღაა ნამდვილი აშუღი?
– რამადანის თვეში – წამოიწყო მრისხანემ, – ერთი იდუმალებით მოცული ღამეა, ალ-კადრის ღამე. იმ ღამით ერთი საათით ბუნებაც იძინებს, აღარც მდინარეების დუდუნი ისმის. ბოროტი სულებიც აღარ უდარაჯებენ განძს. ამ დროს ბალახის ამოსვლის ხმა, ხეების ლაპარაკიც კი შეიძლება გაიგონო. მდინარეებიდან ალები ამოდიან. იმ ღამით ბრძენები და პოეტები იბადებიან. ალ-კადრის ღამეს აშუღმა ყველა პოეტის მფარველი ელია წინასწარმეტყველი უნდა მოიხმოს; როდესაც წინასწარმეტყველი გამოჩნდება, პოეტს თასს მიართმევს და ეტყვის ხოლმე: „ამ წამიდან შენ ჭეშმარიტი აშუღი ხარ და ყველაფერს ჩემი თვალით დაინახავო“. ამგვარად მადლცხებული ყველაფრის მფლობელია, მის ხმას ემორჩილება ყველა – ცხოველი, ადამიანი, ქარი თუ ზღვა. მისი სიტყვა ყოვლისშემძლეა.