მრისხანე ჩამოჯდა, თავი ხელებში ჩარგო და აქვითინდა. მერე კი დასძინა:
– მაგრამ არავინ იცის, როდისაა ალ-კადრის ღამე და რა დროსაა მიძინების საათი, ჭეშმარიტი აშუღიც ამიტომ არ იარსებებს.
მერე კი წამოდგა და წავიდა ეული, ნაღვლიანი და გულჩათხრობილი, როგორც უდაბნოს მგელი ყარაბაღის მწვანე სამოთხეში.
VI თავი
პეხახპიურის წყარო თავის ვიწრო, ქვიან კალაპოტში ნელ-ნელა მიჩუხჩუხებდა. ირგვლივ ხეებს დაღლილი წმინდანებივით ცისკენ აღეპყროთ მზერა. პატარა ბორცვები ფარავდნენ შუშის ხედს. სამხრეთით სომხეთის ნაყოფიერი მდელოები გადაჭიმულიყო, როგორც ბიბლიური მწყემსების ქვეყანა. აღმოსავლეთით ყარაბაღის მინდვრები აზერბაიჯანის მტვრიან სტეპებში ჩაკარგულიყო. იქიდან დიდი უდაბნოს მხურვალე სუნთქვა, ზარათუშტრას ცეცხლი უბერავდა. მშვიდად და უძრავად გამოიყურებოდა ჭალა, თითქოს ეს-ესაა ანტიკური ხანის უკანასკნელ ღმერთებს მიუტოვებიათ და ჩვენ წინ დანთებული კოცონიც მათთვის ყოფილა გაჩაღებულიო. ცეცხლის გარშემო დაფენილ ჭრელ ხალიჩებზე მოქეიფე ქართველთა საზოგადოებაში ვიჯექი. ირგვლივ ღვინის დოქები, ხილი, მწვანილი და ყველი შემოეწყოთ. შამფურზე ხორცი იწვებოდა. წყაროსთან ისხდნენ მოხეტიალე მუსიკოსები – საზანდარები, ხელში სხვადასხვა საკრავები ეჭირათ, რომელთა სახელებიც კი მუსიკასავით ჟღერდა: დაირა, ჭიანური, თარი, დიპლიპიტო. ქართველების თხოვნით რომელიღაც სპარსულ სამიჯნუროს – ბაიათს მღეროდნენ და ისედაც უცნაურად მშვენიერ გარემოს კიდევ უფრო ამშვენიერებდნენ. ამას ჩვენი ლათინურის მასწავლებელი „დიონისურ განწყობას“ უწოდებდა. ახლახან ჩამოსულმა ყიფიანების ოჯახმა ამ ჭალაში გამართა ნადიმი და აქაური დამსვენებლებიც მოიპატიჟა.