ჩემ წინ ნინოს მამა იჯდა. თამადა იყო და ტრადიციულ სადღეგრძელოებს სვამდა, თვალები უბრწყინავდა. ხშირი შავი ულვაში და წითური სახე ჰქონდა. ხელში თასი ეჭირა და ალავერდს ჩემთან გადმოვიდა. არ ვსვამდი, მაგრამ ცოტა მოვსვი. სხვა გზა აღარ მქონდა, უნდა დამელია, რადგან თამადა მოითხოვდა.
მსახურებს წყაროს წყალი მოჰქონდათ. ეს წყაროც ყარაბაღის უთვალავ საოცრებათა რიცხვს ეკუთვნოდა. ვინც ამ წყალს დალევდა, იმდენი შეეძლო ეჭამა, რამდენსაც მოისურვებდა. ვსვამდით ამ წყალს და საჭმლის გორაც უფრო და უფრო მცირდებოდა. ცეცხლის შუქზე ვხედავდი ნინოს დედის მკაცრ პროფილს. ის თავისი მეუღლის გვერდით იჯდა. თვალები უცინოდა. ეს თვალები სამეგრელოდან, რიონის მიდამოდან მოსდგამდა, სადაც ოდესღაც გრძნეული მედეა არგონავტ იაზონს შეხვდა.
თამადამ ჭიქა ასწია:
– ეს ღირსეულ დადიანებს გაუმარჯოს!
ერთმა მხცოვანმა, ბავშვურთვალება კაცმა მადლობის ნიშნად თავი დახარა. ჭიქები კვლავ დაიცალა. პეხახპიურის წყარო მართლაც სასწაულმოქმედი იყო. არავინ დამთვრალა. ეს მხოლოდ გულის თრობა იყო, ქართველი რომ განიცდის სუფრაზე. გონება კი ისევ პეხახპიურის წყაროსავით ანკარა ჰქონდათ.
ამ ჭალაში მარტო ჩვენ არ ვქეიფობდით. შორიახლოს უამრავი კოცონი დაენთოთ. წესად ჰქონდათ: ყოველ კვირას მთელი შუშა მიედინებოდა სხვადასხვა წყაროებთან. ნადიმები დილამდე გრძელდებოდა. და ამ წმინდა ჭალის წარმართულ ჩრდილში ქრისტიანებიცა და მაჰმადიანებიც ერთად დღესასწაულობდნენ.