I თავი
ბაქოს მეფის რუსეთის ჰუმანიტარული გიმნაზიის მესამე კლასში ორმოცი მოსწავლე ვიყავით: ოცდაათი მაჰმადიანი, ოთხი სომეხი, ორი პოლონელი, სამი სექტანტი და ერთი რუსი. ვისხედით და სულგანაბულნი ვუსმენდით პროფესორ სანინის ნაამბობს ჩვენი ქვეყნის უჩვეულო გეოგრაფიულ მდებარეობაზე:
– ევროპის კონტინენტის ბუნებრივ საზღვრებს ჩრდილოეთით – ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანე, დასავლეთით – ატლანტის ოკეანე და სამხრეთით ხმელთაშუა ზღვა შეადგენენ. ევროპის აღმოსავლეთი საზღვარი რუსეთის იმპერიაში ურალის გასწვრივაა გადაჭიმული, კასპიის ზღვას კვეთს და შემდგომ ამიერკავკასიაზე გადის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზოგიერთი მეცნიერი კავკასიონის სამხრეთით განლაგებულ მხარეს აზიას მიაკუთვნებს, ზოგი კი თვლის, რომ ეს ქვეყანა თავისი კულტურული განვითარების თვალსაზრისით ევროპის ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს. ისე, ნაწილობრივ, ეს თქვენზეცაა დამოკიდებული, ბავშვებო, განვითარებულ ევროპას გსურთ მიეკუთვნებოდეთ, თუ ჩამორჩენილ აზიას? – თავმომწონედ გადმოგვხედა ოქრომკედით ნაქარგ მუნდირში გამოწყობილმა პროფესორმა და თვითკმაყოფილად ჩაიცინა. სუნთქვა შეგვეკრა, ამხელა პასუხისმგებლობა რომ დაგვაკისრეს. უკანა მერხიდან მეჰმედ ჰაიდარმა ხელი აიწია და თქვა:
– ბატონო პროფესორო, ჩვენ ისევ აზიაში ყოფნა გვირჩევნია.
კლასში ყურისწამღები სიცილი ატყდა. მეჰმედ ჰაიდარი უკვე მეორე წელი იყო, მესამე კლასის მერხს ვერ გასცილებოდა და, როგორც ჩანს, მესამე წელსაც იგივე მოელოდა. და, თუკი ბაქო კვლავაც აზიად დარჩენას ამჯობინებდა, სამინისტროს განკარგულების თანახმად, აზიური რუსეთის მკვიდრს იმდენ ხანს შეეძლო მჯდარიყო ერთ კლასში, რამდენსაც ინებებდა.