მე ნინოს ვუყურებდი. ჩემ გვერდით იჯდა და ჭაღარათმიან დადიანს ესაუბრებოდა. ასეც უნდა ყოფილიყო – მოხუცები პატივისცემას იმსახურებენ, ახალგაზრდები კი სიყვარულს.
– ერთხელ ჩემთან უნდა ჩამოხვიდეთ ზუგდიდში ალი ხანთან ერთად და იქ ნახავთ სამეგრელოს ტროპიკულ, უღრან ტყეებს ათასწლოვანი ხეებით, – მოგვმართა თავადმა დადიანმა.
– სიამოვნებით ჩამოვალთ, მაგრამ ხეების სანახავად კი არა, თქვენს პატივსაცემად.
– მაინც რა გაქვთ ხეების საწინააღმდეგო, ჩემთვის ხეები სრულქმნილი სიცოცხლის განსახიერებაა.
– ალი ხანს ისე ეშინია ხეების, როგორც ბავშვს – მოჩვენებებისა.
– ეგ არაფერია. მაგ საქმეს ეშველება. მაგრამ ერთი კია, იმ შეგრძნებას, რასაც თქვენ ხეები განიჭებთ, მე უდაბნო მგვრის. ხეების სამყარო გონებას მირევს, შიშსა და იდუმალებას აღმიძრავს. ტყე დემონებითა და მოჩვენებებით არის სავსე. ტყის ჩრდილი, მზის სხივებს რომ შთანთქავს, სევდას მგვრის. ხეების შრიალის ხმაც კი მთრგუნავს. ისევ ჩემი უდაბნო მირჩევნია მთელი თავისი უბრალოებით: ქვიშით, ქარითა თუ მზით. უდაბნო ისეთივე იოლი რამაა, როგორც ხანჯლის დარტყმა. ტყე კი გორდიას კვანძივით რთულია. ტყე თავგზას მიბნევს.
დადიანმა დაფიქრებით გამომხედა.
– თქვენ უდაბნოს ადამიანის სული გაქვთ. – მითხრა მან. – იქნებ სწორიცაა ადამიანთა ამგვარი დაყოფა: ტყის და უდაბნოს ადამიანები. აღმოსავლელს მშრალი თრობა, ალბათ, უდაბნოდან მოსდგამს. იქ ცხელი ქვიშაც, ცხელი ნიავიც კი ათრობს. უდაბნოს სამყარო უბრალოა და დაბრკოლებებს არ გიქმნის. ტყე კი კითხვებითა და იდუმალებითაა სავსე. უდაბნო არც არაფერს გეკითხება, არც არაფერს გაძლევს, არც არაფერს გპირდება. ჩემი აზრით, უდაბნოს შვილები ერთი გრძნობით არიან აღვსილნი, ერთი ჭეშმარიტება გააჩნიათ. ტყის შვილებს კი უამრავი სახე აქვთ. სულის ცეცხლოვანება ტყიდან მომდინარეობს. უდაბნოში ფანატიკოსები იბადებიან, ტყეში კი – შემოქმედნი. ალბათ ესაა ძირითადი განსხვავება აღმოსავლელსა და დასავლელს შორის.