– ამიტომაც გვიყვარს ჩვენ, სომხებს და ქართველებს, ტყე. – ჩაერია საუბარში მელიქ ნახარარიანი, სომხური კეთილშობილური წარმომავლობის მსუქანი კაცი, გადმოკარკლული თვალებითა და ხშირი წარბებით. უყვარდა ფილოსოფოსობა და სმა. ერთმანეთისადმი ცუდად არ ვიყავით განწყობილნი. მან ჩემი სადღეგრძელო შესვა და მომაძახა:
– ალი ხან, მთებში არწივებია, ჯუნგლებში – ვეფხვები, მაშ უდაბნოში რაღაა?
– ლომები და მებრძოლები. – არ დავაყოვნე პასუხი. ნინომ აღტაცებით შემოჰკრა ტაში.
შამფურზე აგებული ცხვრის მწვადები ჩამოატარეს. კვლავ და კვლავ ივსებოდა დოქები. ქართველთა სიცოცხლის ხალისი მთელ ტყეს მოსდებოდა. დადიანი ნახარარიანს ებაასებოდა. ნინომ ეშმაკურად, მალულად გამოაპარა ჩემკენ მზერა. მეც თავი დავუქნიე. უკვე ბნელოდა. ცეცხლის შუქზე ადამიანები მოჩვენებებსა ჰგავდნენ. ჩვენთვის არავის ეცალა. შეუმჩნევლად წამოვდექი და წყაროსკენ მიმავალ გზას ნელ-ნელა გავუყევი. წყაროსთან ჩავიმუხლე და მუჭით შევსვი. დიდხანს ჩავცქეროდი წყლის ზედაპირზე არეკლილ მოციმციმე ვარსკვლავებს. უკნიდან ნაბიჯების ხმა შემომესმა. ხმელ ტოტებს ტკაცა-ტკუცი გაუდიოდათ მის პატარა ფეხქვეშ. ნინოს ხელი ჩავკიდე და ასე ხელიხელჩაკიდებულებმა, ტყის სიღრმისკენ გავწიეთ. ხეები მუქარით შემოგვცქეროდნენ. პატარა მდელოზე ჩამოვსხედით. ნინო ჩემკენ მაცდურად გადმოიხარა. მოხუცი მუსტაფას ნაამბობი გამახსენდა: მას მერე შემცირდა მოსავალი, რაც ამ თვრამეტი წლის წინ ცოლ-ქმრული ურთიერთობა შეილახაო. ერთმანეთს თვალებში ჩავცქეროდით. ამოუცნობად მეჩვენა მთვარის შუქზე გაფერმკრთალებული ნინოს სახე.