პროფესორმა სანინმა შუბლი შეიჭმუხნა:
– მაშ შენ აზიაში დარჩენა გინდა? ეგებ გამოხვიდე და დაგვისაბუთო კიდეც, რატომ?
მთლად გაწითლებული მეჰმედ ჰაიდარი პირდაღებული იდგა და დუმდა. და იმ დროს, როცა ოთხი სომეხი, ორი პოლონელი და სამი სექტანტი მის გონებაშეზღუდულობაზე ხითხითებდა, ხელი მეც ავიწიე და ჩემი მოსაზრება წარმოვთქვი:
– ბატონო პროფესორო, მეც აზიაში ვარჩევდი დარჩენას.
– ალი ხან შირვანშირ! შენცა? გამოდი და იქნებ შენ მაინც დაგვისაბუთო, რატომ? – პროფესორი, ალბათ, გულში თავბედს იწყევლიდა, ცხოვრებამ კავკასიას რომ მიაჯაჭვა.
– დიახაც, აზიაში. აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ.
– ისე როდისმე ნამდვილ ველურ აზიურ ქალაქში, მაგალითად, თეირანში თუ ყოფილხარ?
– რა თქმა უნდა, სწორედ გასულ ზაფხულს.
– მერე, ნახე იქ რამე ევროპული კულტურის დიდი მონაპოვრისმაგვარი, ვთქვათ, მანქანა?
– კი, როგორ არა, სხვათა შორის, კარგა მოზრდილები, ოცდაათადგილიანი, უფრო დიდებიც, – თან გარეუბნების ერთი ბოლოდან მეორეში დადიოდნენ.
– ეგ ხომ ავტობუსებია! რკინიგზა რომ არა აქვთ, იმიტომ დადიან ეგრე. სწორედ ეგაა ჩამორჩენილობა. დაჯექი, შირვანშირ!
ყველა აზიელი თანხმობის ნიშნად გახარებული შემომცქეროდა. პროფესორი სანინი სიმწრისაგან დუმდა. მისი მოვალეობა იყო, მოსწავლეები კარგ ევროპელებად გამოეზარდა.
– რომელიმეს გინახავთ ბერლინი? – იკითხა მან უცბად. როგორც ჩანს, უიღბლო დღე გაუთენდა. აღმოჩნდა, რომ სექტანტი მაიკოვი ყოფილა იქ ბავშვობაში. ხმაურიანი რკინიგზის სადგურიც გაიხსენა, სადაც დედას ლორიანი პური უჭმევია.