ოცდაათივე მაჰმადიანმა პირები დავაღეთ, როცა მოულოდნელად სეიედ მუსტაფა წამოდგა და გარეთ გასვლა ითხოვა. ეტყობა, სიტყვა „ლორის“ ხსენებამ ცუდად იმოქმედა. ამით ბაქოს გეოგრაფიულ მდებარეობაზე დისკუსია შეწყდა.
ზარი დაირეკა. პროფესორმა შვებით ამოისუნთქა და კლასი დატოვა. ჩვენც გარეთ გავცვივდით. დიდი შესვენება იყო და სამი არჩევანი გვქონდა: ეზოში გავქცეულიყავით და რეალური გიმნაზიის მოსწავლეებთან გვეჩხუბა, რახან იმათ ფორმებს ოქროს ღილები და კოკარდები ამშვენებდა მაშინ, როცა ჩვენ ვერცხლისას უნდა დავჯერებოდით; ან ხმამაღლა აზერბაიჯანულად გველაპარაკა, თუმცა ეს სასტიკად გვეკრძალებოდა; ან კიდევ ქუჩაში გავსულიყავით და იქიდან წმინდა თამარის სახელობის ლიცეუმის ეზოში გოგოების სანახავად შევპარულიყავით. მე ეს ვარჩიე. ბაღში გოგოები დასეირნობდნენ, ცისფერი ფორმები ეცვათ თეთრი წინსაფრებით. ჩემმა ბიძაშვილმა აიშემ ხელი დამიქნია, ნინო ყიფიანთან ერთად ხელიხელჩაკიდებული მოდიოდა. ნინო მსოფლიოში ულამაზესი გოგო იყო. გოგოებს ჩვენს გაკვეთილზე მომხდარი ამბავი ვუამბე. მსოფლიოში ულამაზესმა ასულმა მსოფლიოში ულამაზესი ცხვირი აიბზუა და დასძინა:
– ალი ხან, რა სულელი ხარ. კიდევ კარგი, ღვთის მადლით, ევროპაში ვართ, თორემ, ნამდვილ აზიაში რომ ვცხოვრობდეთ, ჩემს ნახვას ვერასოდეს ეღირსებოდი, ჩადრი მეხურებოდა.
გონს მოვეგე. გეოგრაფიის გაკვეთილზე წამოჭრილ პრობლემაზე მსოფლიოში ულამაზესმა ასულმა ამიხილა თვალი.
თავისუფალ დროს დაღონებული დავეხეტებოდი ქალაქის ქუჩებში. ვაკვირდებოდი აქლემებს, ზღვას, ვფიქრობდი ევროპაზე, აზიაზე, ნინოს მშვენიერ თვალებზე და სევდა მეუფლებოდა. ზოგჯერ მათხოვრებს ფულს ვურიგებდი, მაგრამ ერთხელ ერთ უსიამოვნო მათხოვარს, რომელმაც მადლობის ნიშნად ხელზე კოცნა დამიპირა, შეშინებული გავექეცი, მერე კი ორი საათი დავეძებდი, ბოდიში მინდოდა მომეხადა. სინდისი მქენჯნიდა, გული რომ ვატკინე.