ეს ყველაფერი ხუთი წლის წინ იყო. ამ ხუთ წელიწადში უამრავი რამე მოხდა. სკოლაში ახალი დირექტორი მოვიდა. დასჯის უცნაური მეთოდი შემოიღო: მოსწავლეს საყელოში სწვდებოდა და მთელი ძალით ანჯღრევდა, რადგან გიმნაზიელისათვის სილის გაწვნა სასტიკად იკრძალებოდა. რელიგიის მასწავლებლის განმარტებით, ალაჰმა ჩვენზე წყალობა მოიღო, მაჰმადიანებად რომ მოგვავლინა ამქვეყნად. ამ წლებში კლასში კიდევ ორი სომეხი და ერთი რუსი შემოგვემატა, ორი მაჰმადიანი კი გამოგვაკლდა; ამათგან ერთი თექვსმეტი წლისა დაქორწინდა, მეორე კი სისხლის აღების ადათის მსხვერპლი გახდა. მე კი, ალი ხან შირვანშირი, ამ ხანებში სამჯერ ვიყავი დაღესტანში, ორჯერ – თბილისში, ერთხელ – კისლოვოდსკში, სპარსეთშიც ჩავედი ბიძასთან. ერთ წელს კი კინაღამ კლასშიც ჩავრჩი, რადგან გერუნდიუმი ვერ გავარჩიე გერუნდივუმისაგან. ამის გამო მამაჩემს მოლასთან მისვლაც კი მოუხდა. იმან კი დაამშვიდა და აუხსნა, რომ მთელი ლათინური ცარიელი ილუზიააო. მერე მამაჩემმა თავისი თურქული, სპარსული თუ რუსული ყველა მედალი აისხა და დირექტორთან მივიდა. სკოლას ფიზიკის კაბინეტისათვის საჭირო მოწყობილობა აჩუქა. მეც, რაღა თქმა უნდა, გადამიყვანეს შემდეგ კლასში.