სკოლის შესასვლელში კედელზე გაკრული პლაკატი გიმნაზიელებს დატენილი რევოლვერებით შესვლას უკრძალავდა. ქალაქში ტელეფონები შემოიტანეს, ორი კინოთეატრი გახსნეს. ნინო ყიფიანი კი ჩემთვის კვლავ მსოფლიოში ულამაზეს გოგოდ რჩებოდა.
ასე გავიდა ეს ხუთი წელი. ერთი კვირაღა მაშორებდა გამოსაშვებ გამოცდებს და ყველაფერი დამთავრდებოდა. ვიჯექი სახლში, ჩემს ოთახში, კასპიის ზღვის სანაპიროსთან და ჩავკირკიტებდი უაზრო ლათინურის სახელმძღვანელოს. მშვენიერი ოთახი მქონდა. კედლებს ბუხარიდან და ისპაანიდან ჩამოტანილი ხალიჩები ამშვენებდა, რომლებზეც მქსოველთა ფანტაზიის მიხედვით სხვადასხვაგვარად იყო ასახული ტყეები, მდინარეები, ბაღები – ამას საქმეში ჩაუხედავი ვერ ჩასწვდებოდა, მაგრამ პროფესიონალისათვის, მართლაც რომ საუცხოო რამ გახლდათ. ამ ნაზი ფერების შესაქმნელად ბალახებს შორეულ უდაბნოში, ველურ ეკლიან ბუჩქებში აგროვებდნენ ქალები. თავისი გამხდარი თითებით შიგ იდუმალ სურნელს აქსოვდნენ. ერთი ხალიჩის დასრულებას წლები სჭირდებოდა და ის მერე კედლებს ამშვენებდა, როგორც საიდუმლოებით აღსავსე სანადირო სცენებისა თუ ბრძოლების სიმბოლო. ზოგჯერ ამგვარ ხალიჩას კიდეში ორნამენტებით ამოქსოვილი ფირდოუსის ლექსი ან საადის რომელიმე ბრძნული გამონათქვამიც ახლდა. ეს უამრავი ხალიჩა აბნელებდა ოთახს. შიგ ერთი დაბალი დივანი და სადაფით მოპირკეთებული ორი პატარა ტაბურეტი იდგა. აქეთ-იქით უამრავი რბილი ბალიში ეწყო და მათ შორის უწესრიგოდ მიყრილ-მოყრილი დასავლური ცოდნის წიგნები მოჩანდა: ფიზიკის, ლათინურის, ტრიგონომეტრიის – მთელი ეს სულელური ნაბოდვარი, ურწმუნოებმა რომ მოიგონეს თავისი ბარბაროსობის მისაჩქმალად. წიგნი დავხურე, ოთახიდან ვერანდის გავლით ბანზე გავედი. აქედან ჩემი სამყარო მოჩანდა: ძველი ქალაქის ციხე-სიმაგრის განიერი კედელი, სასახლის ნანგრევები არაბული წარწერით. ქუჩაში აქლემები დაზოზინებდნენ, ისე ნაზად მიირხეოდნენ, მოფერება მოგინდებოდა. წინ ქალწულის კოშკი აღმართულიყო, რომლის მიღმაც, შორს, ტყვიისფერი უკიდეგანო კასპიის ზღვა გადაშლილიყო, ზურგს უკან კი – თვალუწვდენელი უდაბნო: კლდეები, ქვიშა, მშვიდი და წყნარი, შეუდარებელი, სამყაროს უმშვენიერესი ლანდშაფტი.