Выбрать главу

დასაწყისი

რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,

ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,

ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,

მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.

ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა,

შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,

მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა,

ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა.

ვის ჰშვენის, - ლომსა, - ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,

- მეფისა მზის თამარისა, ღაწვ-ბადახშ, თმა-გიშერისა, -

მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შე, რისა?

მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ, მი, შერისა.

თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ-დათხეული,

ვთქვენი ქებანი ვისნი მე არ-ავად გამორჩეული.

მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული,

ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული.

მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა,

ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა,

ბროლ-ბადახშისა თლილისა, მის მიჯრით მიწყობილისა.

გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა.

აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება, -

ძალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქვს, მივსცე გონება;

მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ხსენება,

მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება.

მო, დავსხდეთ, ტარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობელი;

მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი!

დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულს ლახვარ-სობილი,

აქამდის ამბად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი.

მე, რუსთველი ხელობითა, ვიქმ საქმესა ამა დარი:

ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი;

დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი,

ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი.

ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,

ვით მარგალიტი ობოლი, ხელის-ხელ საგოგმანები,

ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები,

ჩემმან ხელ-მქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმან ნები.

თვალთა, მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა;

აჰა, გული გამიჯნურდა, მიჰხვდომია ველთა რბენა!

მიაჯეთ ვინ, ხორცთა დაწვა კმა არს, მისცეს სულთა ლხენა.

სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ვლენა.

რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს:

მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს;

კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს,

არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვათა უწუნობდეს.

შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,

საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი,

კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი;

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.

ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა,

მობურთალსა - მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა,

მართ აგრევე მელექსესა - ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა,

რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა.

მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა,

რა ვეღარ მიჰხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა,

არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვა-მცირობა,

ხელ-მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა.