ვის ბადახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს,
იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს.
ავთანდილ იგი მინდორი ოთხ-ახმით გარდაიარა,
დააგდო მზღვარი არაბთა, სხვათ მზღვართა არე იარა,
მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა;
თქვა: “თუ მე მასმცა ვეახელ, აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა”.
ახალმან ფიფქმან დათოვა, ვარდი დათრთვილა, დანასა;
მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიჰმართის დანასა;
თქვის: “ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა,
მოვჰშორდი ლხინსა ყველასა, ჩანგსა, ბარბითსა და ნასა!”
ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭნებოდა,
გულსა უთხრის, თუ: “დათმეო”, ამად არ დია ბნდებოდა.
უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა,
მგზავრთა ჰკითხვიდის ამბავთა, მათ თანა-ემოყვრებოდა.
მუნ ეძებს, ცრემლი მტირალსა სდის ზღვათა შესართავისად.
უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად.
თქვის: “საყვარელო, მოგშორდი, გული შენ დაგრჩა, ვთქვა ვისად?
შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად”.
ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო, სრულად მოიარა,
ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა, არ იარა,
მაგრა იგი მის ამბისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა.
ამაშიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა.
მიჰხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა, მეტად მქისსა,
თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს, ვერას შვილსა ადამისსა,
იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა,
დღე და ღამე იგონებდა საყვარელსა მასვე მისსა.
მას მიჰხვდა წვერი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა,
გამოჩნდა მუნით მინდორი, სავალი დღისა შვიდისა.
მის მთისა ძირსა წყალი დის, არად სანდომი ხიდისა,
ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა.
ზედ წაადგა, შეექცევის, დროთა, დღეთა ანგარიშობს;
თვენი ესხნეს ორანიღა, ამად სულთქვამს, ამად იშობს;
“ვა თუ საქმე გამიმჟღავნდეს! - კვლა ამისთვის გულ-მოშიშობს, -
ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს”.
საგონებელი შეექმნა, დადგა საქმისა მრჩეველად,
თქვა: “თუ დავბრუნდე, ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად?
ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად,
მისი ვერა ვცნა ჭორადცა, ვარ ვისთა გზათა მკვლეველად?”
“თუ არ დავბრუნდე, საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი,
რომელსა ვეძებ, ვერა ვცნნე ამბავნი მე მისთანანი,
დრო გარდაუწყდეს შერმადინს, შეჰრჩეს ღაწვისა ბანანი,
მივიდეს, ჰკადრნეს მეფესა საქმენი დასაგვანანი!
“უამბოს ჩემი სიკვდილი, თვით ჩემგან დავედრებული,
მათ შექმნან გლოვა-ტირილი, ქმნან საქმე გამწარებული,
მერმე მივიდე ცოცხალი, სადმე სხვაგან მე რებული!”
ამას იგონებს ტირილით გონება-შეიწრებული.
იტყვის: “ღმერთო, სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ?
მე ეზომნი სიარულნი კიდე რად, გლახ, გამიცუდენ,
გულით ჩემით სიხარულნი აღჰფხვრენ, ჭირნი დააბუდენ?
დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერაოდეს დავიყუდენ”.
კვლაცა იტყვის: “დათმობა სჯობს” და თავსავე ეუბნების:
“დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები, გული ჩემი ნუ დადნების,
უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების,
განგებასა ვერვინ შესცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების”.
თავს უთხრა: “მოკვე, გიჯობსო სიცოცხლეს აუგიანსა;
მიხვალ, დაგვხვდების თინათინ, - ანათებს დღესა მზიანსა, -
გკითხოს მის ყმისა ამბავი, რა გმართებს ვაგლახიანსა?”
იგონებს წამ-წამ, მიჰყვების ტყის პირსა შაბნარ-წყლიანსა.
“ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან,
მაგრა საქმე მის კაცისა ვერასადა შემიგნიან;
უღონიოდ მართალ იყვნეს, რომელთაცა ქაჯად თქვიან.
აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან?”