“ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან,
მაგრა საქმე მის კაცისა ვერასადა შემიგნიან;
უღონიოდ მართალ იყვნეს, რომელთაცა ქაჯად თქვიან.
აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან?”
მთით ჩამოვიდა ავთანდილ, გავლო წყალი და ტყენია,
მინდორს აცორვებს ტაიჭსა, შეჟღრენით მონაწყენია.
გასცუდებოდეს მკლავნი და მისნი სიამაყენია,
ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია.
მობრუნება დააპირა, სულთქნა, მერმე ივაგლახა,
მას მინდორსა დაემართა, გზა თვალითა გამოსახა;
თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა,
მხეცნი იყვნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა.
თუცა მხეც-ქმნილი ავთანდილ გულ-ამოსკვნით და კვნესით ა,
ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა,
ისრითა მოკლის ნადირი, როსტომის მკლავ-უგრძესითა,
შამბისა პირსა გარდახდა, ცეცხლი დააგზო კვესითა.
ცხენსა მისცა საძოვარი, ვირე მწვადი შეიწოდეს;
ექვსნი რამე ცხენოსანნი, ნახა, მისკენ მივიდოდეს;
თქვა, თუ: “ჰგვანან მეკობრეთა, თვარა კარგი რამც იცოდეს!
აქა კაცი ხორციელი კვლა ყოფილა არაოდეს”.
ხელთა ჰქონდა მშვილდ-ისარი, მათკენ მივა მხიარული.
ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული,
თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული,
ტიროდეს და იჭირვოდეს, ცოტა ედგა მას, გლახ, სული.
უყივლა, თუ: “ძმანო, ვინ ხართ? მეკობრეთა დაგამსგავსენ!”
მათ მიუგეს: “დაგვიწყნარდი, გვიშველე რა, ცეცხლნი ავსენ,
ვერა გვარგო, მოგვიმტკივნე, ჭირნი ჭირთა მოგვისავსენ,
სატირელნი მოგვიტირენ, ღაწვნი შენცა დაიმხავსენ”.
ავთანდილ მიდგა, ეუბნა მათ კაცთა გულ-მდუღარეთა;
მათ უთხრეს მათი ამბავი, ტირილით მოუბარეთა:
“ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა,
დია გვაქვს ციხე-ქალაქი ხატაეთს არე-მარეთა.
“კარგი გვესმა სანადირო, ნადირობას წამოვედით,
გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი, წყლისა პირსა გარდავხედით,
სანადირო მოგვეწონა, თვესა ერთსა არ წავედით,
ვხოცეთ მხეცი უსაზომო მინდორით და მთით და ქედით.
“ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით,
მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით:
«მე უკეთ მოვჰკლავ, მე გჯობო», სიტყვანი გავაქილენით,
ვერ გავიჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ, ვითაკილენით.
“დღეს ავყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა,
ვთქვით: «გავაჩინოთ მართალი, ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა,
თავსა ვეახლნეთ მარტონი, დავდგეთ თავისა თავითა,
თვით დანახულსა მოვჰკლვიდეთ, ნუ ვესრვით დამნახავითა».
“ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯრენია,
ლაშქართა წასლვა ვუბრძანეთ, მით არას მოაზრენია,
მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია,
დავხოცეთ მხეცი, მფრინველი, რაცა ზე გარდაგვფრენია.
“ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი, პირ-გამქუშავია,
ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, - მერანი რამე შავია, -
თავსა და ტანსა ემოსა გარე-თმა ვეფხის ტყავია,
ჯერ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია.
“ვუჭვრიტეთ, მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით,
ვთქვით, თუ: «მზეაო ქვეყანად, ნუ ვეუბნებით ცად ენით!»
მისი მოგვინდა შეპყრობა, ვჰკადრეთ და შევეცადენით,
ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ, ცრემლისა დადენით.
“მე უხუცესმან უმცროსთა კაცი დავსთხოვე ქენებით;
ჩემმან შემდეგმან ტაიჭი მისი მით აქო ხსენებით;
ამან მართ ოდენ მორევნა გვითხრა, ვუალეთ ჩვენებით,
მივჰმართეთ, იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით.