ორისაგან ერთი მიყავ: ტყვე მქმენ, ანუ მააზატე,
ან მაცოცხლე, ანუ მომკალ, ჭირი ჭირსა მომიმატე”.
ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი:
“ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი.
წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი,
აწ მოყვარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი.
“მაშა რათგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე,
არ ეგების, ამას იქით თუმცა თავი არ გამონე,
არ შენ მოგეც თავი ჩემი, დაგაბნივე, დაგაღონე;
შენთვის მოვკვდე, ამისებრი მემცა საქმე რა ვაღონე!
“აწ რაცა გითხრა, თუ ამა საქმესა დამმორჩილდები,
რასაცა ეძებ, მიჰხვდები, უცილოდ არ ასცილდები;
თუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები,
მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები გა-ცა-სწბილდები”
ყმამან უთხრა: “ეგე საქმე ამას ჰგავსო, არა სხვასა:
ორნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა,
უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა,
ზედ მიადგა, ჩაჰყიოდა, ტირს, იძახის ვაგლახ-ვასა.
“ეგრე უთხრა: «ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე,
წავალ თოკთა მოსახმელად, მწადსო, თუმცა ამოგზიდე»;
მას ქვეშეთსა გაეცინა, გაუკვირდა მეტად კიდე,
შემოჰყივლა: «არ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე?»
“აწ, დაო, შენთა ხელთაა ჩემი საბელი ყელისა,
სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აღპყრობა ხელისა;
რასაცა მიზამ, შენ იცი, შენ ხარ წამალი ხელისა,
თვარ ვისმცა ექმნა გორლითა შეკვრა თავისა მრთელისა!”
ქალმან უთხრა: “მომეწონა, ყმაო, შენი ნაუბარი.
ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე, ბრძენთა საქებარი;
ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი,
რაცა გითხრა, მომისმინე, გიპოვნია საძებარი.
“იმა მოყმისა ამბავი არსადა არ იპოვების;
თვით თუ არ გითხრობს, არ ითქმის, არვისგან დაიჯერების;
მოილოდინე, მოვიდეს, რაზომმცა დაგეყოვნების,
დადუმდი, ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნების.
“გითხრა, თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა:
ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა;
მე ასმათ მქვიან, რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა,
სულთქმა სულთქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა.
“ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა:
ისი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა, მემაჯანსა,
ვჭამ, გლახ, მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა,
აწვე მოვა, არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა.
“ამას გვედრებ, მოიცადო თავი სხვაგან არსად არო;
რა მოვიდეს, შევეხვეწო, ნუთუ ვით რა მოვაგვარო;
ერთმანერთსა შეგამეცნნე, თავი შენი შევაყვარო,
თვით გიამბოს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო”.
ქალსა ყმამან მოუსმინა, დაჰმორჩილდა, დაჰრთო ნება.
ამას ზედა მოიხედეს, ხევით ესმა ჩხაპუნება;
მთვარე წყალსა გამოსრული ნახეს, შუქთა მოფინება,
უკურიდეს, აღარა ქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება.
ქალმან უთხრა: “ყმაო, მოგცა ჟამად ღმერთმან, რაცა გინა,
მაგრა თავი უჩინო ქმენ, დამალული იყავ შინა;
იმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინ ა;
ნუთუ ვით რა მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა”.
ავთანდილ ქალმან დამალა ქვაბს დამალვითა მალითა.
იგი ყმა ცხენსა გარდაჰხდა, შვენოდა კაპარჭ-ხრმალითა;
ატირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა,
ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა.
ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან.
დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან;
შეხსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან;