Выбрать главу

მართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა.

ვუყვარდით და სწორად ვუჩნდით მეფესა და დედოფალსა.

აწ ვახსენებ, ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა!”

ყმა დაბნდა, რა სახელისა ხსენებასა მიეწურა;

ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა ჰმურა;

ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი დააპკურა.

თქვა: “ისმენდი, მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურ ა.

“მას ქალსა ნესტან-დარეჯან იყო სახელად ხმობილი.

შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი,

მთვარისა მსგავსი, შვენებით მზისაგან ვერ-შეფრობილი;

მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წთობილი!

“იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესლვა ომსა;

მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწთომსა,

მამასავე ხელთა მიმცეს, რა შევიქმენ ამა ზომსა;

ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვხოცდი ლომსა.

“მეფემან სახლი ააგო, შიგან სამყოფი ქალისა;

ქვად ფაზარი სხდა, კუბო დგა იაგუნდისა, ლალისა,

კარზედა ბაღჩა, საბანლად სარაჯი ვარდის წყალისა;

იგი მუნ იყვის, მედების ვისგან სახმილი ალისა!

“დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი;

ზოგჯერ კოშკს ჯდის, ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის, რა დგის ჩრდილი.

დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი,

მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი.

“სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა;

ვერვინ ვხედევდით, შეიქმნა პირითა მინა-ვარდითა;

ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან, იმღერდის ნარდითა;

მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა.

“თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა;

დღისით ვიყვი მას წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა;

ძალად ლომსა, თვალად მზესა, ტანად ვჰგვანდი ედემს ზრდილსა,

სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა.

“მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემგან სრეულმან;

მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან;

შევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან;

აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ-ბადახშეულმან!

“მამა მომიკვდა, მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა;

ქმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა;

მათ გაეხარნეს, ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა;

ერთგულთა შექმნეს ვაება, მტერთა - ხსენება იშისა.

“მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთრო-გაცუდებული,

დღისით და ღამით ვვაებდი, ვერვისგან სულ-დაღებული;

გაყვანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული,

ებრძანა: «შვილო ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული.

«ჩვენ უფრო გვტკივის იგი, ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა».

ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა ახდა შავისა,

ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა:

«შენ გქონდეს ამირბარობა, ქმნა მისვე საურავისა».

“ავენთი, დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრტობელთა;

უკუნით გამომიყვანეს ხასთა მათ წინა მდგომელთა;

გამოსლვისათვის ზეიმი შექმნეს ინდოეთს მფლობელთა,

შორს მომეგებნეს, მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა.

“მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს, პატივს მცემდეს ძისა დარად,

მის ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად;

ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად.

არ მომეშვნეს, დავჰმორჩილდი, თაყვანის-ვეც ამირბარად.

“აღარა ვიცი, დამვიწყდეს, თუცა დიადი წელია;

გიამბო ჩემი ამბავი, განა რაზომცა ძნელია!

ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია,

მისთა ნაკვესთა წინწალი დამეცეს ხანგრძლად მწველია”.