ვაზირი სოგრატ, მოახლე მეფისა დასთა დასისა;
მათ რომე დადგეს საჯდომი, თქვეს: “უთქმელია ფასისა!”
თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა,
დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა,
მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა.
ქალი მზებრ უჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზე-მხედველითა.
უკუდგეს და თაყვანის-სცეს მეფემან და მისთა სპათა,
დალოცეს და მეფედ დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა,
ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ხმათა.
ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს, ჰხრის ყორნისა ბოლო-ფრთათა.
მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა,
ამად ტირს, ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა;
მეფე სწვრთის: “მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა,
ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა”.
უბრძანა: “ნუ სტირ, ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი:
დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი,
აქათგან ესე სამეფო შენი არს მართ მონდობილი.
ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი!
“ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!
უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.
უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.
“მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია;
უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია;
სმა-ჭამა - დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?!
რასაცა გასცემ, შენია; რას არა, დაკარგულია!”
ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა,
ყურსა უპყრობდა, ისმენდა, წვრთასა არ მოიწყინებდა;
მეფე სმასა და მღერასა იქმს, მეტად მოილხინებდა;
თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა.
მოიხმო მისი გამზრდელი, ერთგული, ნაერთგულევი,
უბრძანა: “ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი,
მომართვი ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი”.
მოართვეს. გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი.
მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა,
რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა.
მერმე ბრძანა: “ვიქმ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა,
ჩემსა ნუვინ ნუ დაჰმალავს საჭურჭლესა დადებულსა”.
უბრძანა: “წადით, გახსენით, რაცა სად საჭურჭლენია!
ამილახორო, მოასხი რემა, ჯოგი და ცხენია!”
მოიღეს. გასცა უზომო, სიუხვე არ მოსწყენია.
ლარსა ჰხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია.
ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა,
მას ტაიჭსა არაბულსა, ქვე-ნაბამსა, ნასუქალსა;
რომე ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა,
არ დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა.
დღე ერთ გარდახდა; პურობა, სმა-ჭამა იყო, ხილობა,
ნადიმად მსხდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა;
მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა.
“ნეტარ, რა უმძიმს, რა სჭირსო?”, შექმნეს ამისი ცილობა.
თავსა ზის პირ-მზე ავთანდილ, მჭვრეტთაგან მოსანდომია,
სპათა სპასპეტი, ჩაუქი, ვითა ვეფხი და ლომია;
ვაზირი ბერი სოგრატი თვით მასთანავე მჯდომია.
თქვეს, თუ: “რა უმძიმს მეფესა, ანუ რად ფერი ჰკრთომია?”
თქვეს, თუ: “მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა,
თვარა აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ქმნილა”.
ავთანდილ თქვა: “სოგრატ, ვჰკითხოთ, გვითხრას, რადმცა შეგვეცილა?
ვჰკადროთ რამე სალაღობო, რასათვისმცა გაგვაწბილა?”
ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა,