თვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა,
წინა მიუსხდეს მუხლ-მოყრით, პირითა მოცინარითა.
ვაზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა:
“დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო.
მართალ ხარ: წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო,
ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ-ხშირიო;
ყოლამცა მეფედ ნუ დასვი! თავსა რად უგდე ჭირიო?”
რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოჰხედნა,
გაუკვირდა: ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაბედნა?!
“კარგა ჰქმენო, - დაუმადლა, წყალობანი უიმედნა, -
ჩემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუის, ვინცა დაიყბედნა!
“ეგე არ მიმძიმს, ვაზირო, ესეა, რომე მწყენია:
სიბერე მახლავს, დავლიენ სიყმაწვილისა დღენია,
კაცი არ არის, სითგანცა საბრძანებელი ჩვენია,
რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია.
“ერთაი მიზის ასული, ნაზარდი სათუთობითა;
ღმერთმან არ მომცა ყმა-შვილი, - ვარ საწუთროსა თმობითა, -
ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კვლა ბურთაობითა;
ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა”.
ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა,
თავ-მოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშვენდა,
თეთრთა კბილთათ გამომკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა.
მეფე ჰკითხავს: “რას იცინი, ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა?”
კვლა უბრძანა: “თავსა ჩემსა, რას იცინი, რად დამგმეო?”
ყმამან ჰკადრა: “მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო,
რაცა გკადრო, არ გეწყინოს, არ გაჰრისხდე, არ გასწყრეო,
არ გამხადო კადნიერად, არ ამიკლო ამათზეო”.
უბრძანა: “რადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!”
ფიცა მზე თინათინისა, მის მზისა მოწუნარისა.
ავთანდილ იტყვის: “დავიწყო კადრება საუბნარისა:
ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა.
“მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია;
ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე ყმანია;
მოასპარეზედ ვინ მგავსო? - ცუდნიღა უკუთქმანია.
გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!”
- “მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა.
ბრძანე, ვისროლოთ, ნუ იქმო შედრეკილობა-კლებასა,
კარგთა ყმათასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა,
მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა!”
ავთანდილცა დაჰმორჩილდა, საუბარი გარდაწყვიდეს,
იცინოდეს, ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ზმიდეს,
ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს:
“ვინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი სამ დღე ვლიდეს!”
კვლა ბრძანა: “მონა თორმეტი შევსხათ ჩვენთანა მარებლად,
თორმეტი ჩვენად ისრისა მომრთმევლად, მოსახმარებლად, -
ერთაი შენი შერმადინ არს მათად დასადარებლად, -
ნასროლ-ნაკრავსა სთვალვიდენ უტყუვრად, მიუმცდარებლად”.
მონადირეთა უბრძანა: “მინდორნი მოიარენით,
დასცევით ჯოგი ნადირთა, თავნი ამისთვის არენით”.
ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: “მოდით და მოიჯარენით”.
გაყარეს სმა და ნადიმი. მუნ ამოდ გავიხარენით.
როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა
დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი,
ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბადახშოსანი,
პირ-ოქრო რიდე ეხვია, ჰშვენოდა ქარქაშოსანი,
მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი.
შეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობას გამოვიდეს;
მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყას გარე შემოჰკრვიდეს;
ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს,