უცხოდ რადმე ამოსკვნოდა გული ცეცხლთა ნადებარი,
ცრემლსა სისხლი ერეოდა, გასდის, ვითა ნაგუბარი.
სხვაგან ქრის მისი გონება, მისმან თავისა წონამან!
ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კვლა ჰკადრა მონამან.
არცა დააგდო ტირილი, არცა რა გაიგონა მან,
არცა გახლიჩა ბაგეთათ თავი ვარდისა კონამან.
რა პასუხი არა გასცა, მონა გარე შემობრუნდა,
როსტანს ჰკადრა: “შემიტყვია, იმას თქვენი არა უნდა;
თვალნი მზეებრ გამირეტდეს, გული მეტად შემიძრწუნდა,
ვერ ვასმინე საუბარი, მით დავყოვნე ხანი მუნ, და”.
მეფე გაკვირდა, გა-ცა-წყრა, გული უც მისთვის მწყრომარე;
გაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშე მდგომარე,
უბრძანა: “ხელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე,
მიდით და აქა მომგვარეთ, ვინ არის იქი მჯდომარე”.
მონანი მიდგეს, მივიდეს, გახდა აბჯრისა ჩხარია;
მაშინღა შეკრთა იგი ყმა, ტირს, მეტად გულ-მდუღარია,
თვალნი მოარნა ყოველგან, ნახა ლაშქართა ჯარია,
ერთხელ ესე თქვა: “ვა მეო!”, სხვად არას მოუბარია.
თვალთა ხელი უკუივლო, ცხელნი ცრემლნი მოიწურნა,
ხრმალ-კაპარჭი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა,
ცხენსა შეჯდა, - მონათამცა საუბარნი რად იყურნა! -
სხვასა მხარსა გაემართა, მათი ჭირი არ განკურნა.
მონათა ხელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად.
მან, გლახ, იგინი დახადნა მტერთაცა საწყალობელად:
ჰკრა ერთმანერთსა, დახოცნა თავსა ხელ-აღუპყრობელად,
ზოგსა გადაჰკრის მათრახი მკერდამდის გასაპობელად.
მეფე გაწყრა, გაგულისდა, ლაშქარნიცა შეუზახნა;
მან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტნა, არცა ნახნა,
რაზომნიცა მიეწივნეს, ყოვლნი მკვდართა დაასახნა,
კაცი კაცსა შემოსტყორცა, როსტან ამად ივაგლახნა.
შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად.
იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად,
ტაიჭი მიუქს მერანსა, მიეფინების მზე ველად,
შეიგნა მისლვა მეფისა მისად უკანა მდეველად.
რა ცნა, მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა.
მასვე წამსა დაიკარგა, - არ უნახავს თვალსა ჩვენსა, -
ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა;
ეძებდეს და ვერ ჰპოვებდეს კვალსა მისგან წანარბენსა.
კვალი ძებნეს და უკვირდა ვერ-პოვნა ნაკვალევისა,
აგრე კვალ-წმიდად წარხდომა კაცისა, ვითა დევისა;
ლაშქარნი მკვდართა სტიროდეს, სწრაფა აქვს წყლულთა ხვევისა.
მეფემან ბრძანა: “ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა”.
ბრძანა: “ღმერთსა მოეწყინა აქანამდის ჩემი შვება,
ამად მიყო სიამისა სიმწარითა დანავღლება,
სიკვდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალ-უც განკურნება.
მასვე მადლი! ესე იყო წადილი და მისი ნება”.
ესე თქვა და შემობრუნდა, დაღრეჯილი წამოვიდა,
არცაღა ჰკრა ასპარეზსა, ვამი ვამსა მოურთვიდა;
ყველაკაი მოიშალა, სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა;
ზოგთა თქვეს, თუ: “მართალია”, ზოგი: “ღმერთო!”, უზრახვიდა.
მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი, დაღრეჯილი;
მისგან კიდე არვინ შეჰყვა, ავთანდილ უჩნს ვითა შვილი.
ყველაკაი გაიყარა, ჯალაბი ჩანს არ-დაჯრილი.
გაბედითდა სიხარული, ჩაღანა და ჩანგი ტკბილი.
თინათინს ესმა მამისა ეგეთი დაღრეჯილობა,
ადგა და კარსა მივიდა, - ჰქონდა მზისაცა ცილობა, -
მოლარე იხმო, უბრძანა: “ძილია, თუ ღვიძილობა?”
მან მოახსენა: “დაღრეჯით ზის, სჭირსო ფერ-შეცვლილობა.
“ერთიღა ახლავს ავთანდილ, წინაშე უზის სკამითა;
უცხო ყმა ვინმე უნახავს, ასრე დაღრეჯით ამით ა”.